ახალი ამბები

ფარცხალაძესა და ოქუაშვილს ბიზნესურთიერთობა ჰქონდათ – ფარცხალაძის ადვოკატი

11 ოქტომბერი, 2018 • 2596
ფარცხალაძესა და ოქუაშვილს ბიზნესურთიერთობა ჰქონდათ – ფარცხალაძის ადვოკატი

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს ლევან ყიფიანის მიერ ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ საუბარია ყიფიანის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებსა და პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც 10 ოქტომბერს გასაჯაროვდა. ადვოკატის მტკიცებით, ლევან ყიფიანი და ოთარ ფარცხალაძე დღემდე მეგობრობენ.

ოთარ ფარცხალაძე ასევე იცნობს “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, მეტიც, ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს მასთან საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდა.

გაგი მოასიაშვილის თქმით, ოქუაშვილსა და ფარცხალაძეს ბოლოს ერთი წლის წინ ჰქონდათ ურთიერთობა. “საქმიანი ურთიერთობის თემას” ადვოკატი არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარი კონკრეტულ საკითხს უკავშირდებოდა.

“ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა და იქ ნახსენები თემები, ტყუილია და ამ საკითხებზე ფარცხალაძესა და ოქუაშვილის არასდროს უსაუბრიათ. გარკვეულ პერიოდში ოთარ ფარცხალაძესა და ზაზა ოქუაშვილის საქმიანი, ბიზნესურთიერთობა ჰქონდათ”,- უთხრა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

თბილისის პროკურატურამ 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო მედიასაშვალებებით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

მთავარმა პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენება გაასაჯაროა. ყიფიანის თქმით, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ოქუაშვილის თხოვნით, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით მომზადდა, რათა ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს უცხოელი ბიზნესპარტნიორები დაერწმუნებინა, რომ კომპანია საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იყო.

ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 4 მლნ ლარი ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა. ოქუაშვილის თქმით, ფარცხალაძემ უთხრა რომ ამ თანხას ბიძინა ივანიშვილის დავალებით სთხოვდა.

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი