ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალისთვის გაეროს ტრიბუნას ითხოვს

11 ოქტომბერი, 2018 • 2112
მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალისთვის გაეროს ტრიბუნას ითხოვს

“რუსულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლების საერთაშორისო ტრიბუნებზე წვდომა, პირველ რიგში, გაეროში, სადაც ჟენევის დისკუსიების პრობლემატიკა განიხილება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შემდეგ გაავრცელა.

ამავე თემაზე თავის გამოსვლაში ისაუბრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა და განაცხადა, რომ მცდელობები, არ დაუშვან საერთაშორისო მოედნებზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები, უშედეგოა.

გამოსვლის დროს მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა – “როდემდე გაგრძელდება კიდევ ერთი ბლოკადა – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პოზიციის წარსადგენად საერთაშორისო ტრიბუნებზე არდაშვება. ეს კონტპროდუქტიულია”.

მედოევმა თავის განცხადებაში ასევე ისაუბრა ტერმინების “ოკუპაცია” და”ოკუპირებული ტერიტორიები” გამოყენების წინააღმდეგ.

“საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, ასევე აქტიურად იყენებს ამ ტერმინებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად ანტიოსური და ანტირუსული თემატიკით სპეკულირებს”.

საერთაშორისო ტრიბუნებზე წვდომის საჭიროებაზე განცხდება აფხაზურმა მხარემ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება საერთაშორისო შუამავლების ობიექტური ინფორმირებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვს.

დღესდღეობით აფხაზურ და ოსურ მხარეთა წარმომადგენლები მონაწილეობენ მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) პროცესში.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი