როგორც პატიმარ გ.კ.–ს დედამ მთვარისა ნავერიანმა განაცახდა, მისი შვილი თავის ქალაზე ტრავმის გამო ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა, თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს, შემდეგ კი კამერიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

“ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, რომ პატიმარი არა თავისტკივილის წამალს, არამედ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ითხოვდა:

 

“მსჯავრდებული გ.კ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-6 დაწესებულებიდან მისივე განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, სადაც მან ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების მიზნით მიიყენა თვითდაზიანება სახისა და სხეულის წინამხრის მიდამოებში, რაც დაფიქსირებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულის მშობელმა გაავრცელა, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

მთვარისა ნავერიანმა ასევე განაცხადა, რომ მისი შვილი ციხის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებულია და მან #8 დ #6 დაწესებულებებში ის პირები ამოიცნო, ვინც მას აწამებდა. მშობლის განცხადებით, მის შვილს სწორედ ამის გამო გაუსწორდნენ ფიზიკურად. გარდა ამისა, მთვარისა ნავერიანმა ციხეში უკანონო გარიგებების შესახებაც ისაუბრა:

 

“ადმინისტრაციის თანამშრომლებს აქვთ ტელეფონები, ისინი პატიმრებს ერთმანეთთან არეკინებენ და ფულზე ათამაშებენ. მე პირადად ჩემი შვილის წაგებული თანხა, 1200 ლარი ჩემი ხელით გადავეცი ვიღაც გოგოს, რომელსაც მერიის წინ შევხვდი. ამ ყველა დარღვევის შესახებ ჩემმა შვილმა მითხრა, მე დავწერე განცხადება გენინსპექციაში და ამის გამო მასზე შური იძიეს”, – აცხადებს პატიმრის დედა.

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *