ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში აქტივისტებისთვის პროკურორმა 8,5 წლამდე ვადით პატიმრობა მოითხოვა აზერბაიჯანში აქტივისტებისთვის პროკურორმა 8,5 წლამდე ვადით პატიმრობა მოითხოვა – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში აქტივისტებისთვის პროკურორმა 8,5 წლამდე ვადით პატიმრობა მოითხოვა

ბაქოს სასამართლოში დღეს, 17 აპრილს, Nida-ს მოძრაობის აქტივისტების საქმეზე პროკურორმა მოულოდნელად ყველა ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთა 6,5-დან 8,5 წლამდე ვადით მოითხოვა. ინფორმაციას contact.az ავრცელებს. 


ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რაშად ჰასანოვმა განაცხადა, რომ ყველა ბრალდებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და პროკურორის გამოსვლის გამო პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას იწყებს.

 

“ჩვენ გავაგრძელებთ შიმშილობას, სანამ არ გაგვათავისუფლებენ,”- განაცხადა ბრალდებულმა. 

 

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს გაიმართება. 

 

ბრალდებულების ადვოკატის, ფარიზ ნამაზლის განმარტებით, სასამართლო ძიებამ ბრალდებულების დანაშაული ვერ დაადასტურა. 


“ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ არ გვქონია ილუზიები, მაგრამ პროკურორმა უნდა მოხსნას თავისი ბრალდება ორი ბრალდებულის მიმართ, რომლებიც “ხულიგნობაში” დაადანაშაულა (საუბარია ფლეშმობზე -Harlem Shake),” – აცხადებს ადვოკატი. 

 

2013 წლის მარტსა და აპრილში, სამხედრო დანაკარგების წინააღმდეგ აქციების მსვლელობის დროს, 8 ბრალდებული მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით დააკავეს. ხულიგნობის გარდა მათ ასევე ბრალი ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების და ნარკოტიკების უკანონო შენახვაში. 

 

აღნიშნული საქმე შესწავლილი აქვს Hunam Rights Watch-ს. Amnesty International-მა ყველა ბრალდებული “სინდისის პატიმრად” სცნო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი