“შეხვედრაზე [კარასინმა და აბაშიძემ] რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის ხელისუფლებების შესაბამისი წარმომადგენლების კონსულტაციის მორიგი ეტაპი გაიმართება”, – ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შესაძლო ლიბერალიზაციის საკითხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. კარასინის მტკიცებით, 2013 წელს გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც რუსეთის ვიზები მიიღეს. მისი თქმით, 2013 წელს რუსეთის ვიზით საქართველოს 25 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 40 პროცენტით მეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრეს. კარასინის თქმით, რუსეთი საქართველოში არსებული კანონის (ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) გამო კვლავაც ვერ გააუქმებს რეკომენდაციას თავისი მოქალაქეების მიმართ: “არ იმოგზაურონ საქართველოში”.
“ამ კანონის გაუქმება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელვნად გაიზრდება”, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის საგარეო უწყება შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი დააფიქსირეს, ხოლო თვითონ შეხვედრაზე ხელსაყრელი ეფექტი იქონია იმ ფაქტმა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა სოჭის ზამტრის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მორიგი რაუნდი ივნისში გაიმართება.




