ახალი ამბები

იდენტობა: ევროპულ არჩევანს სხვადასხვა პირები ეკლესიის სახელით საფრთხეს უქმნიან

17 აპრილი, 2014 • • 931
იდენტობა: ევროპულ არჩევანს სხვადასხვა პირები ეკლესიის სახელით საფრთხეს უქმნიან

“17 მაისს “იდენტობა” არ აპირებს საჯარო ან დახურული ღონისძიების გაკეთებას. ამის მიუხედავად, რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე  ჯგუფები მდგომარეობას ხელოვნურად გამწვავებას მაინც გეგმავენ.  ლგბტ ადამიანების დემონიზაციითა და მათი საყოველთაო ადამიანის უფლებების ევროკავშირთან ხელოვნურად დაკავშირებით, პრო-რუსული დაჯგუფებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას ცდილობენ. მათი სურვილია 17 მაისს განმეორდეს ის, რაც უკრაინაში წლების წინ მოხდა: საპროტესტო გამოსვლები ნატოს წინააღმდეგ, რამაც  ქვეყნის პრორუსულ ხელისუფლებას საბაბი მისცა ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე უარი ეთქვა.

 

უკრაინის მაგალითი ცხადყოფს, რომ ასოცირების ხელშეკრულების წინ პრორუსულმა ძალებმა ჰომოფობიური მოტივებით ევროპის მიმართ სიძულვილის გაღვივება სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამიტომ  ამ ქვეყანაში რუსეთის მთავრობამ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. როგორც ჩანს, საქართველოში სწორედ ჰომოფობიური საბაბით აპირებს რუსეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას.  ამაში მას ერთმანეთის და უცხოების მიმართ  გამძაფრებული სიძულვილი დაეხმარება, რომელსაც ზოგიერთი გავლენიანი ინსტიტუტი და მედია საზოგადოებაში მრავალი წელია აღვივებს.

 

ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ადამიანები ბოროტად სარგებლობენ მოქალაქეთა არაინფორმირებულობით და ტყუილზე დაყრდნობით ცდილობენ შუღლის გაღვივებას. დასანანია, რომ საქართველოს საუკუნოვან არჩევანს – გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი – სხვადასხვა პირები ეკლესიის სახელით უქმნიან საფრთხეს. მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და სხვადასხვა მედიასაშუალება ჯიუტად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს 17 მაისს გეიფილმის ჩვენება იმართება კინოთეატრებში. ვრცელდება აბსურდული ჭორები ევროპიდან ათასობით ჰომოსექსუალის ჩამოყვანაზეც.  “იდენტობა” საქმის კურსში საერთოდ არ არის,  რა ფილმზეა საუბარი და ამიტომ რაიმეს ჩვენებაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. მეტიც, რათა პროვოკაციის ყველა საბაბი გამოირიცხოს, 17 მაისის კვირას ორგანიზაცია საერთოდ არ იმუშავებს.

 

ვითომდა “ტრადიციების დაცვის” სახელით ადამიანთა დარაზმვისა და საზოგადოებრივი შუღლის გაღვივების მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ჩაშლაა. როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ასეთი მეთოდებით ცდილობდა რუსეთი უკრაინასა და მოლდოვაში დაძაბულობის გამოწვევას. ნათელია, რომ რუსეთი ერთი და იგივე მეთოდით მუშაობს ყველა ქვეყანაში. ამიტომ ვითვალისწინებთ გამოცდილებას და მაქსიმალურად ვეცდებით ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტი არ გამწვავდეს. ეს  საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა”, – ნათქვამია “იდენტობას” განცხადებაში.

იდენტობა
იდენტობა

მასალების გადაბეჭდვის წესი