ახალი ამბები

ფანჯიკიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ

16 აპრილი, 2014 • • 981
ფანჯიკიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს დაკავების ფაქტი მისულიყო ყველას ყურამდე, ვისაც შეეძლო გარკვეული წვლილი შეეტანა ჟურნალისტების გათავისუფლების საქმეში და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. ჟურნალისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ პირველი კომენტარი უკვე გააკეთეს და, როგორც ჩანს, ეს 24-საათიანი პატიმრობა მშვიდობიანად გადაიტანეს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ საქმეშეი, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება მომხდარიყო დათქმულ დროს, როგორც შეგვპირდნენ, 7-ის ნახევარზე,”- განაცხადა ფანჯიკიძემ.  


საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც გამოეხმაურა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ განცხადებას ვუპასუხეთ ჩვენი განცხადებით, სადაც აღვწერეთ ის, თუ რა მოხდა. შემდეგ მივუთითეთ იმაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის აბსოლუტურად ალოგიკური, რადგანაც სწორედ რუსი მესაზღვრეების ქმედებების გამო მოხდა ეს პროვოკაცია და არა იმიტომ, რომ იგი ჩვენ გამოვიწვიეთ. რასაკვირველია, არანაირად არ იყო დაკავშირებული პრაღაში ბატონი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრასთან. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ რუსეთში ამ ფაქტს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა. მაგრამ აქვე ამ შემთხვევითაც მინდა ვისარგებლო და ყველას მოვუწოდო სიფრთხილისკენ. არის ძალიან დაძაბული ვითარება საერთოდ. მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში და ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთ საფრთხეში ჩაიგდონ თავი ჩვენმა ჟურნალისტებმა”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი