ახალი ამბები

საკრებულომ 142 მართლმადიდებლურ ეკლესიას თბილისში ბიუჯეტიდან თანხა გამოუყო

16 აპრილი, 2014 • • 1447
საკრებულომ 142 მართლმადიდებლურ ეკლესიას თბილისში ბიუჯეტიდან თანხა გამოუყო

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ ბიუროს სხდომაზე 14 აპრილს მიიღო. საკრებულოს განცხადებით, აღნიშნული თანხა თბილისში მდებარე ეკლესიებმა, მათ შორის სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარმა, ანჩისხატისა და ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიებმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სხვა მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. 

 

ეკლესიები იმ შემთხვევაში მიიღებენ ფულს თბილისის ბიიუჯეტიდან, თუ ისინი რაიონულ გამგეობებს წერილობით მიმართავენ. თბილისის საკრებულო განმარტავს, რომ ასეთი სულ 142 ეკლესიაა.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ ეხება ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს და არა სხვა კონფესიების კუთვნილ საკულტო ნაგებობებს, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა უპასუხა, რომ სხვა კონფესებსაც მიეცემათ საშუალება იმის, თუ სურვილი ექნებათ.

“ამ წუთას გამოყოფილია პროექტების სახით მართლმადიდებლებისთვის, თუ ექნება სურვილი სხვა კონფესიებს და მოგვმართავს, გამოვუყოფთ.”

 

საკრებულოში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთშეთანხმებით მიიღეს და არ გამორიცხავენ, რომ შემდეგ წელსაც ჩაიდოს თბილისის ბიუჯეტში ამგვარი პუნქტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი