“მე მქონდა შეხვედრები, როგორც მის უწმინდესობასთან, ასევე, ქორეპისკოპოსებთან, და არანაირი განხილვა არ მომხდარა”, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ სხდომაზე.
“ზუსტად ეს არის დისკრიმინაცია. ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც არის ეკლესია, არ ყოფილა განხილული ეს კანონპროექტი”, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პირადად მას არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ვისთან განიხილეს კანონპროექტი შემუშავების პროცესში, თუმცა განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ავტორებმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმსჯელეს.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდელი დავით ისაკაძე. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. დავით ისაკაძის თქმით, ილია მეორეც მათი თანამოაზრეა.
