თბილისის ტელეანძა შესაძლოა გადააკეთონ.
ტელეანძის განვითარების კონცეფცია, რომელიც არქიტექტურის სამსახურთან წინასწარი შეთანხმების სტადიაზეა, ცვლილების ორ ვარიანტს გვთავაზობს:
ორივე ვარიანტით, ტელეანძას 70 მეტრის სიმაღლეზე ემატება სივრცე ტურისტებისათვის. პირველ ვარიანტში ეს სივრცე სამკუთხა კონსტრუქციაა, მეორეში — წრიული. ორივე შემთხვევაში ანძის სამი ფეხიდან ერთ-ერთი ფართოვდება.
ვარიანტი I
I ვარიანტით, ანძას 70მ სიმაღლეზე დაემატება ორსართულიანი კონსტრუქცია.
პირველ სართულზე, 685 კვადრატული მეტრის ფართობი გათვალისწინებულია საჯარო სივრცის/რესტორნისთვის, კოშკის ტექნიკური ოთახებისა და ბარისა და სცენისათვის.
მეორე სართული მოიცავს 445 კვადრატულ მეტრს ტერასისათვის, ტექნიკური ოთახებისათვის, ბარისათვის, ლაუნჯისათვის და საკონფერენციო დარბაზისათვის.
ვარიანტი II
II ვარიანტით, 70მ სიმაღლეზე აშენდება წრიული კონსტრუქცია. ეს იქნება მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი, რაც პროექტის ავტორებს წარმოუდგენიათ როგორც “უნიკალური მიზეზი კოშკზე მისასვლელად”.
პირველი სართული 675 კვადრატული მეტრის ფართობის იქნება, სცენით, ბარითა და წრიული რესტორნით. მეორე სართულს — 410 კვადრატულ მეტრს — დაიკავებს კოშკის ტექნიკური ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ლაუნჯი და ბარი.
კონცეფცია თბილისის არქიტექტურის სამსახურში 21 აგვისტოს შევიდა, 29 აგვისტოს კი სამსახურმა მწვანე შუქი აუნთო.
პროექტის დიზაინერი არის ესტონური ფირმა “კოკო არქიტექტორები”, კლიენტი — შპს საქართველოს ტელერადიოცენტრი, რომლის 100%-იან წილსაც სახელმწიფო ფლობს.
კონცეფციაში წერია, რომ ადმინისტრაციულ შენობაში ტექნიკისთვის განკუთვნული სივრცე (70 მ სიმაღლეზე) “ეფექტიანად არ გამოიყენება”. კონცეფციის მიხედვით, იმის გამო, რომ ტექნიკა სულ უფრო მცირე ადგილს იკავებს, სივრცე გამოთავისუფლდება, ამ სივრცეებში კი გვთავაზობს ზემოთ ჩამოთვლილი ოთახების განთავსებას.
“სრული კატასტროფა”
არქიტექტორი და ურბანისტი ირაკლი ჟვანია “ნეტგაზეთთან” საუბრისას “სრულ კატასტროფად” აფასებს ვარიანტს წრიული დისკით:
“ჯერ ერთი, გამეორებულია მის ზემოთ უკვე არსებული მრგვალი ფორმა და დუბლირებით და გადიდებით დარღვეულია მასშტაბი, ფორმების და გაბარიტების ჰარმონია. ფეხის გამსხვილება საშინლად ამახინჯებს, ტლანქია და პროპორციებს არღვევს. ქვედა ტანი სქელია, ზედა ტანი წვრილი ჩნდება; ვერტიკალური ხაზები სხვადასხვა სიბრტყეში გადადის და მათი განგრძობადობა ირღვევა, მხატვრულ-არქიტექტურულად დარღვეულია ყველა პრინციპი, რაც ახლანდელ “დახვეწილობას” ანგრევს”.
რაც შეეხება სამკუთხა ვერსიას — ჟვანიას აქაც პრობლემურად მიაჩნია “ფეხის” გასქელება.
“თვითონ მაგ სართულს რაც შეეხება, სამკუთხა ფორმა აუცილებლად უნდა დარჩეს, ძალიან კარგად ავსებს ფეხებს შორის სივრცეს, კრავს ფორმას, რადგან ანძა სამფეხაა, — ერთი ძირითადი ვერტიკალური და ორი დამჭერი, ამიტომ ამ სამკუთხა სართულით იკითხება მთლიანად ანძის კონცეფცია, მისი გეგმა, სილუეტი”, ამბობს არქიტექტორი.
თუმცა, მისი დაკვირვებით, “ამ ვარიანტში სამკუთხედის წიბოები (კუთხეებში) გადახრილია ანძის ფეხების მიმართულების საწინააღმდეგოდ, ანუ ფეხები შიგნით გადახრილია /I\ პრინციპით, ხოლო ახალი ვარიანტი სამკუთხა სართულია კუთხეების საწინააღმდეგოდ \ /, რაც ასევე არღვევს ხაზების ჰარმონიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ხაზი ერთი პრინციპით, გარედან შიგნით იხრება და იკვრება მაღალ წერტილში”.
პროექტის შესახებ
მედიაში 2018 წლის აპრილიდან ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის მოდელირების კონცეფციაზე “საქართველოს ტელერადიოცენტრი” მუშაობს. “იმედინიუსი” 10 აპრილს წერდა, რომ კონცეფციის მიხედვით, კოშკზე ტურისტების სივრცე უნდა მოეწყოს.
ვებგვერდი www.city.kvira.ge 14 მაისს წერდა, რომ კოშკის განახლებაზე “კოკო დეველოპერები” იმუშავებდა. იქვე აღნიშნული იყო, რომ სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციის მოწოდების ბოლო ვადა 31 აგვისტო იყო, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა დაიწყებოდა.
შესყიდვების საიტის თანახმად, “კოკო დეველოპერებსა” და ტელერადიოცენტრს შორის ტელეანძის განვითარების კონცეფციის მოსამზადებლად 100 500-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
City.kvira.ge ასე ციტირებდა ტელერადიოცენტრს: “მას შემდეგ, რაც “კოკო არქიტექტორები” საბოლოო დოკუმენტაციასა და კონცეფციას მოგვაწვდის, გვექნება სურათი, თუ რა ტიპის ატრაქცია უნდა მოეწყოს და რა ტიპის სივრცე უნდა გაკეთდეს”.