ახალი ამბები

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22-24 ოქტომბერს ჩამოდის

8 ოქტომბერი, 2018 • 1851
რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22-24 ოქტომბერს ჩამოდის

რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოდის.

ზვიაგინცევი — როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აფასებენ, უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი — თბილისში მასტერკლასს გამართავს.

რეჟისორი საქართველოს ეწვევა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროექტის, “თანამედროვე კინოს დიდოსტატების, ფარგლებში.

ღონისძიების აღწერის თანახმად, ზვიაგინცევის ხელწერა “გამოირჩევა, ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო, მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით”.

ზვიაგინცევის ფილმებს შორისაა “დაბრუნება“, “ელენა” , “ლევიათანი”  და მისი ბოლო სარეჟისორო ნამუშევარი “უსიყვარულო“.

ხელოვნებათმცოდნე და კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია ასე აფასებს ზვიაგინცევს: “კრიტიკოსები ხან ბერგმანს ადარებენ, ხან ტარკოვსკის, ხანაც დრაიერს და როსელინის. სინამდვილეში “ლევიათანის” შემდეგ ზვიაგინცევი სრულიად განთავისუფლდა გავლენებისგან და კინოში თავისი განუმეორებელი სტილი შექმნა”.

რეჟისორის მასტერკლასები 22-23 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 24 ოქტომბერს კი გაიმართება სარეჟისორო ვერსიის ჩვენება ფილმისა “უსიყვარულო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი