ახალი ამბები

ოფიციალური მონაცემებით, ,,კროკოდილის“ გამოყენების ფაქტები მინიმუმადე შემცირდა

15 აპრილი, 2014 • • 1047
ოფიციალური მონაცემებით, ,,კროკოდილის“ გამოყენების ფაქტები მინიმუმადე შემცირდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტმა მის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგები დღეს, 15 აპრილს წარმოადგინა.

 

სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად სულ შედგენილია 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

ამავე პერიოდში სააგენტომ დააფიქსირა პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტები (ურეცეპტოდ გაცემა,  აღრიცხვის წესების დარღვევა, საქმიანობა ავტორიზებული აფთიაქის, ექსპორტ/იმპორტის ნებართვის გარეშე, სანებართვო პირობების დარღვევა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების განადგურების დადგენილი წესისა და სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მოუწოდებლობის ფაქტები). გამოვლენილია, ასევე, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე და ვადაგასული II და III ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის,  შენახვის პირობების, სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების  დარღვევისა და  რეალიზაციის დაწყების/დასრულების და შეფუთვა-მარკირების ცვლილების ფაქტები სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე.


ოფიციალური სტატისტიკითვე, ამავე მონაკვეთში 22  სააფთიაქო დაწესებულებიდან რეცეპტის გარეშე სულ გაცემულია 5 396 228 ერთეული პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის 1 973 378  ერთეული კოდეინის  შემცველი კომბინირებული პრეპარატი, რომლებიც 2014 წლის 15 მარტიდან ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შევიდა ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი