ოთარ ფარცხალაძე ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხება არ ჰქონია ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და მზად არის, უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, – ამის შესახებ ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის საგანგებო განცხადებაში.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია, რაც ოთარ ფარცხალაძე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის თავდასხმის ობიექტი ხდება და მის მიმართ მედიასაშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული ინფორმაცია, რომლის მიზანია ფარცხალაძის დისკრედიტაცია და არარსებულ არაფორმალურ მმართველობაში საზოგადოების დარწმუნება.
“სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ, ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. თუმცა წინამდებარე განცხადებით ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და, შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძე მზად არის, ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში.
“დამატებით აღვნიშნავთ, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რათა ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს საზოგადოებამ სიმართლე, სიმართლე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს მოუსპობს საშუალებას, გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.