ნეტგაზეთი | ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სპორტში ინვესტირებისკენ მოუწოდა ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სპორტში ინვესტირებისკენ მოუწოდა – Netgazeti
RU | GE  

ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სპორტში ინვესტირებისკენ მოუწოდა

“სულ ახლახან დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და განსაზღვრავს სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, 15 აპრილს სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, რომელიც მსგავსი მასშტაბით თბილისში პირველად ტარდება. 

“კარგად ვიცით, რომ სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სპორტის სათანადოდ  განვითარებისათვის არ კმარა მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სპორტსმენების ძალისხმევა. საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით. იმედი მაქვს, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები სპორტის განვითარების კუთხით. მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი, კონკრეტული გეგმებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და სისტემური ხედვა ამ მიმართულებით,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

  

მისი თქმით, სპორტის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს.


“ჩვენ მიერ შემუშავებული პოლიტიკით ხელი შეეწყობა რეგიონალურ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს და ველით, რომ ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე. ამასთან ერთად, ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების გზების მოძიებას, რომელიც მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას.”


ღარიბაშვილის თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება ამ სფეროში.


“საკანონმდებლო ბაზა უნდა გახდეს თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული არბიტრაჟის საკითხის მოგვარებაც.”

 

პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს.


“რადგან მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. ჩვენ  აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ინტერსებსაც და მოვაწყობთ შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას.”

 

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საფუძველი ჩაეყაროს სპორტულ ორგანიზაციებს, ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებს შორის ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობას. 

 

“ჩვენ შევიმუშავებთ ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამებს, რათა საქართველო ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. საჭიროა თანამშრომლობა ყველა სამთავრობო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს, კერძო პირებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის იმისათვის, რომ გაფართოვდეს  და გაუმჯობესდეს პროფესიული სპორტის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა.”


ასევე, პრემიერმა ბიზნესმენებს მოუწოდა, ამ სფეროში ინვესტიციები განახორციელონ. 

 

“მოგეხსენებათ, ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ და ქველმოქმედებას ეწევიან. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა – შეხედონ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე პროფესიონალი სპორტსმენების პერსპექტივის, მომავალში ინვესტირების კუთხით, ჩადონ ინვესტიციები და მერწმუნეთ, ისინი მიიღებენ უკუგებას და იამაყებენ თავიანთი წვლილით ამ საქმეში,”- განაცხდა ღარიბაშვილმა.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .