შს სამინისტრომ “ბათუმელებს” უკვე მეორედ მას შემდეგ მოაწოდა საჯარო ინფორმაცია, რაც რედაქციამ საჩივრით სასამართლოს მიმართა. წერილის მოწოდების დღედ შს სამინისტრომ ორივე შემთხვევაში ის დღე აირჩია, როცა სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული.
“თქვენი 2013 წლის 25 დეკემბრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა შს მინისტრი და სამინისტროს 20 თანამშრომელი. ვიზიტის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3750 ლარი”, – ეს წერილი შს სამინისტროდან “ბათუმელებს” 2014 წლის 2 აპრილს მოაწოდეს. სწორედ ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა განეხილა სარჩელი შს სამინისტროს მიერ ინფორმაციის მოუწოდებლობაზე.

შს სამინისტრო, ისე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან მედიას ინფორმაცია მიაწოდონ მაქსიმუმ 10 დღეში. შს სამინისტრომ ამ შემთხვევაში ინფორმაცია 130 დღის დაგვიანებით მოგვაწოდა, ისიც არასრულყოფილად.
აი, რას ითხოვდა “ბათუმელები” 2013 წლის 25 დეკემბერს:
“15-18 დეკემბერს შს მინისტრის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში გაღებული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, კვება, გადაადგილება) შესახებ ინფორმაცია; ასევე შს მინისტრის თანმხლები პირების რაოდენობა, მათთვის გაღებული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, კვება, გადაადგილება) შესახებ ინფორმაცია”.
სამინისტროდან მიღებული ჩანაწერი, – “ვიზიტის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3750 ლარი”, – რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ზუბადალაშვილი აწერს ხელს, არ იძლევა ზუსტი ანალიზის შესაძლებლობას. სამაგიეროდ, ეს შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციების შედარების საფუძველზე:
ორივე მინისტრი აჭარას გასული წლის დეკემბერში, ერთსა და იმავე დროს, დიდთოვლობის დღეებში სტუმრობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში ოთხ დღეს დარჩა, ოთხი პირი ახლდა, 300 ლიტრი ბენზინი და 2016 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. შს მინისტრს 20 კაცი ახლდა, 2 დღეს დარჩა და სულ 3750 ლარი დახარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მივლინებაში მყოფი თითოეული თანამშრომლის კვებაზე, ბათუმში ჩამოსვლა-წასვლასა და ღამისთევაზე ზუსტად 89,28 ლარი დაიხარჯა, რაც არსებული ფასების მიხედვით სრულიად წარმოუდგენელია.
თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები – 5 ადამიანი, ორი მანქანით იყო ჩამოსული და 300 ლიტრი ბენზინი დახარჯეს, ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი თანმხლები 20 კაცის ვიზიტს 6 მანქანა მაინც დასჭირდებოდა (ჭიკაიძე ესკორტით გადაადგილდებოდა). შესაბამისად, სამინისტროს ბათუმში ვიზიტისთვის 1200 ლიტრი საწვავი, ანუ მინიმუმ 2000 ლარი მაინც უნდა გაეთვალისწინებინა. დარჩენილი 1750 ლარიდან პირადად მინისტრს 160 ლარი უნდა მიეღო მივლინებისთვის (კანონით განსაზღვრულია მინისტრის სამივლინებო თანხა), ხოლო თანამშრომლების მივლინებისთვის ჯამში 600 ლარი გაიხარჯებოდა (დღეში ერთ პირზე 15 ლარი). სამინისტროს მიერ მოწოდებულ მთლიან თანხას სამივლინებო და გადაადგილების ხარჯებს თუ გამოვაკლებთ, 21 მოხელის ღამისთევისთვის 990 ლარი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ღამის გასათევად პოლიციელებს სულ 23,57 ლარი დარჩათ. ფაქტია, ამ ფასად ღამეს ბათუმის ვერც ერთ სასტუმროში ვერ გაათევ.
დეკემბერში აჭარაში ვიზიტისთვის დახარჯული თანხის მონაცემების მიხედვით, მინისტრ შალვა ფიფიას, რომელიც ჭიკაიძის მსგავსად სტიქიის მასშტაბების გამო ჩამოვიდა აჭარაში, ერთი ღამის გასათევად 323 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო მის თანმხლებ პირებს – 161 ლარი ღამეში.
ხომ არ არის შს სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია მცდარი ან გაყალბებული? – ამის დასაზუსტებლად “ბათუმელები” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს. “ბათუმელებს” აინტერესებდა, რომელ სასტუმროში ცხოვრობდნენ პოლიციელები ვიზიტის ფარგლებში. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ “წერილობით მივმართოთ”.
შს სამინისტროს პერმანენტული კანონდარღვევა არის თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. საიას იურისტის ეკა ციმაკურიძის თქმით, “სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელშეშლას, მაგრამ ამ მუხლს აქვს დანაწესი – სახეზე უნდა იყოს იძულება, ჟურნალისტმა გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია სამართალდამცავები როგორ გამოიყენებენ ამ მუხლს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც შეიძლება ფიზიკურ იძულებას არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ სახეზე იყოს იძულება ჟურნალისტისა, არ გაავრცელოს ეს ინფორმაცია იმით, რომ მასზე არ გასცეს ინფორმაცია. სამართალდამცავებს დღეს ასეთი პრაქტიკა არ აქვთ. ჩვენ გვექნება რეკომენდაცია, რომ პრაქტიკა შეიცვალოს”.
“ბათუმელბმა” შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ხათუნა ქველაძეს ინფორმაციის განზრახ არმიწოდებისთვის 19 თებერვალს უჩივლა მთავარ პროკურატურაში. ამ უწყებაში ამბობენ, რომ “ბათუმელების” განცხადება შეისწავლეს და შემდგომი რეაგირებისთვის განცხადებას შს სამინისტროს გენინსპექციას გადაუგზავნიან.
