ახალი ამბები

53-ე საჯარო სკოლაში მანდატურების რაოდენობა გაიზარდა

14 აპრილი, 2014 • • 1607
53-ე საჯარო სკოლაში მანდატურების რაოდენობა გაიზარდა

“ის მოსწავლეები, რომლებიც დღეს გამოცხადნენ, გაკვეთილებზე მაინც არ შედიან, პროტესტის ნიშნად. შეიძლება ითქვას, სიტუაცია უკონტროლოა. ყველაზე აქტიური მოსწავლეები [ისინი, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ], მანდატურებს თავიანთ ოთახში ჩაყავთ და სახელებსა და გვარებს იწერენ. ზოგი ტირილით ამოდის, როგორც ჩანს, აშინებენ,”- ამბობს თეო მეოტიშვილი, 53-ე სკოლის წარმომადგენელი. 


მისივე თქმით, თუ აქამდე 53-ე სკოლაში 4 მანდატური მუშაობდა, დღეს მათი რიცხვი გაზრდილია. 


“როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე 6-ია. ისინი ასევე იცავენ სკოლაში შესასვლელებს. დირექტორისგან დავალებული აქვთ, ჟურნალისტები არ შეუშვან შენობაში,”- ამბობს მეოტიშვილი.


ინფორმაციას არ ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგენილია, თუმცა, მონიტორინგის [მანდატურების] დამატებითი ჯგუფის მისვლა სკოლაში, აუცილებელი გახდა. რაც შეეხება, მანდატურების მიერ მოსწავლეების დაბარებასა და სახელებისა და გვარების ჩაწერის საკითხს, სამინისტროში უარყოფენ. 


“სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სკოლაში მანდატურები ვიღაცას აშინებენ. ისინი იქ მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის არიან შესული,” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მანდატურის სამსახურის პრესსამსახურის წარმომდგენელი. 


 

თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები 7 აპრილს იმის გამო გაიფიცნენ, რომ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის, მარიამ რამინაშვილის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში მრავალრიცხოვანი ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

 

გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და, როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 


მარიამ რამინაშვილი სკოლის დირექტორად 53-ე საჯარო სკოლაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა. პედაგოგები ეჭვობენ, რომ მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მარიამ რამინაშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობა” იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი