ახალი ამბები

წულუკიანი: არავის აქვს უფლება არჩევნების შეჯიბრობითობის პრინციპს ხელი შეუშალოს

11 აპრილი, 2014 •
წულუკიანი: არავის აქვს უფლება არჩევნების შეჯიბრობითობის პრინციპს ხელი შეუშალოს

“გუშინდელმა მედიამონიტორინგმა გამოკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც ჩემგან როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისგან ითხოვს წინმსწრებ რეაგირებას. სანამ დღის ბოლოს რეკომენდაციებზე ჩამოვყალიბდებით. მე მინდა მოვუწოდო ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც მუშაობს საქართველოში, მათ შორის “ივერიელს”, “ახალგაზრდულ ცენტრსა” და ყველა სხვა ორგანიზაციას, ქვეყნის და მისი მომავლის დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალი ორი თვის განმავლობაში არჩევნებამდე თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლისგან თავის შეკავებისკენ ჩვენ შარშან მოვუწოდეთ ყველას- ეს არის კონტრაგიტაცია. ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, რომ არჩევნები არის პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის შეჯიბრი და ამ შეჯიბრისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხოლო შეჯიბრში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელ პარტია რომელს აჯობებს ამას გადაწყვეტს ხალხი”,- განაცხადა წულუკიანმა. 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი აუცილებლად დააყენებენ  ნაციონალური მოძრაობის აქციის ჩაშლის საკითხს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყებათაშორისი კომისია, რომლის სანდოობა ჩვენთვის ძალიან დაბალია, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს იმ ძალადობაძე, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი და აქტიური ზომები მიიღოს, რომ შეწყდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

 

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე აუცილებლად დადგება როლანდ ახალაიასთვის ბრალის წარდგენის საკითხი და თუ კომისია რეაგირებას არ გააკეთეს ამ საკითხზე მაშინ, მისი ფასი იქნება ნოლი, განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია, სახელწოდებით – “გაჩერებული საქართველო”, რომელიც 10 აპრილს, ერთდროულად, 13.30 საათზე უნდა გამართულიყო თბილისში, ბათუმში, თელავში, წყალტუბოსა და ანაკლიაში ჩაიშალა, რადგან ადგილზე მისულ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მოქალაქეები და “ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს. 

 

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაკითხვაზე ახალაიას დაბარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, სამართალდამცავმა უწყებებმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების წევრების დაბარებისგან თავი შეიკაონ.

 

“ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოტანილი რეკომენდაციები, დაახლოებით 17 რეკომენდაცია, დღესაც ჩაითვალოს შესასრულებლად სავალდებულოდ. ყველა იმ დაწესებულებისა და პირისთვის, ვისთვისაც არის რელევანტური. ერთ-ერთი რეკომენდაცია მაშინ იყო სწორედ პოლიტიკური პარტიების წევრების დაბარებისგან თავის შეკავებას შეეხებოდა”,- განაცხადა კოჟორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი