„სიტი – პარკის“ მიერ მერიისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე კომპანიმ სულ გამოწერა 1 160 874 საჯარიმო ქვითარი.
ანგარიშებში არსებული ჩანაწერების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ რომ წინა საარჩევნო პერიოდებში ასევე ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თბილისი მერიის მხრიდან „სი-ტი პარკის“ საქმიანობის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას”– ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდის მონაცემები ასე გამოიყურება:

რაც შეეხება უფრო ადრინდელ წლებში გამოწერილ საჯარიმო ქვითრებს, „სი-ტი პარკის“ მიერ მერიისთვის წარდგენილ 2007 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ივნისამდე პერიოდის ანგარიშებში კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობის შესახებ კონკრეტული ციფრები მოცემული არ არის, ხოლო 2009 ივნისი-დეკემბრის ანგარიშის ასლი მერიის მიერ ინსტიტუტისთვის საერთოდ არ იქნა გამოგზავნილი.
კონკრეტულად რა სიდიდის ჯარიმებზეა საუბარი მოცემული ანგარიშებიდან არ ჩანს, თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ, რომ „სი-ტი პარკის“ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის.
გარდა ზემოხსენებული საკითხებისა IDFI-ის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2010 წლის ივნისისა და დეკემბრის ანგარიშებმა (2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი), რომელიც 2010 წლის 30 მაისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს და ქ. თბილისის მერის არჩევნების პერიოდს ემთხვევა.
ორივე ანგარიშში ვკითხულობთ: „საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ინფორმირების მიზნით არ ჩატარებულა დამატებითი ღონისძიებები, რაც განპირობებული იყო საგადახდო სისტემების გაუქმებით, აგრეთვე, თბილისის მთავრობის სურვილის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილიყო ცოტა ხმაური პარკირების საკითხთან დაკავშირებით. თბილისის მთავრობის მიერ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი უფლებამოსილების მინიჭების დაგვიანებამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე თბილისის მთავრობის მითითების შესაბამისად აღსრულების შეჩერებამ არსებითი უარყოფითი გავლენა იქონია შემოსავლების გენერირებაზე.“
“აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდებში, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თბილისი მერიის მხრიდან „სი-ტი პარკის“ საქმიანობის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მანიპულირებები ხორციელდებოდა არჩევნების წინ მოსახლეობის განწყობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამაზე 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების სხვა პერიოდთან შედარებით დაბალი რაოდენობაც მეტყველებს. „სი ტი პარკ“-ის საქმით 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა. კონკრეტულად რატომ დაიწყო წლების წინ დადებულ ხელშეკრულებაზე გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის” – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პუბლიკაციაში.
თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია, შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს.ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.
2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა.
აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.








