“ეს მემორანდუმი ითვალისწინებს რადიოს შექმნას. “თბილისის მიკროავტობუსმა” და მე მოვილაპარაკეთ, რომ ჩამოვაყალიბებთ ახალ რადიოს – რომელიც იქნება რადიო FM MA – რადიო მიკროავტობუსი, რომელიც მოემსახურება მგზავრებს. იქნება სხვადასხვა ტიპის გადაცემა, საინფორმაციო, საგანმანათლებლო. იქნება სხვადასხვა რუბრიკა, გათამაშებები, ვიქტორინები, იმისდა მიხედვით, თუ რა კატეგორიის ხალხი, რომელ საათობრივ მონაკვეთში დადის. მაგალითად, დილას იქნება საბავშვო გადაცემები, რადგან ბავშვები სკოლაში მიდიან, საღამოს უფრო გასართობი გადაცემები გავა. იქამდე მგზავრების ინტერესების შესახებ გამოკვლევებს ჩავატარებთ. ვფიქრობ რადიოს “სამგზავრო” ერქმევა,”- ამბობს გოგა ხაინდრავა ნეტგაზეთთან საუბარში.
მისივე განმარტებით, სამარშუტო ტაქსების მძღოლებთან ინდივიდუალური კონტრაქტი გაფორმდება. კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომ სამარშრუტო ტაქსში მხოლოდ აღნიშნული რადიო იმაუწყებლებს, ხაინდრავა არ აკონკრეტებს:
“ნაწილი პირობებისა, არ არის საჯარო, თუ რას ითვალისწინებს ხელშეკრულებები მძღოლებთან. არჩევანის ამბავია შიდა მოლაპარაკებები.”
როგორც ის განმარტავს, რადიომაუწყებლობა სამარშრუტო ტაქსებში მაქსიმუმ 10 დღეში დაიწყება.
მემორანდუმის დეტალების შესახებ ინფრომაციას არ ასაჯაროებენ “თბილისის მიკროავრობუსში.” კომპანიაში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში ბრიფინგი გაიმართება, სადაც დეტალები გახდება ცნობილი.





