
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის [“საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა აღმართა, ზოგიერთმა კი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია უარყო.”] ტენდენცია იკვეთება, რომელიც მისი აზრით, მსგავსი კანონმდებლობით უნდა შეიზღუდოს.
“ამ ტენდენციის შესაჩერებლად, საჭიროა მსგავსი ქმედებები შეიზღუდოს და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი გახდეს,”- წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ბარამიძის განმარტებითვე, “ასევე, მოხდება ცვლილებების ინიცირება „თავისუფლების ქარტიაში“ და კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკასთან ერთად ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენებაც და მისი იდეოლოგიის პროპაგანდა კანონით აიკრძალება.”
ამასთან, დეპუტატის თქმით, მას კარგად ესმის იმისი, რომ მსგავსი კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება
“კარგად მესმის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც ძალადობისკენ მოწოდების აკრძალვა არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე მოძალადე ოკუპანტის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლების აკრძალვა არ უნდა განვიხილოთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად. ამ კანონპროექტის შესაბამისი წესით და პროცედურების დაცვით ოფიციალურად ინიცირებამდე, დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოგიდგენთ იდეას და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას,”- წერს ბარამიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ინიციატივას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი. მისი განცხადებით, 6 წლიანი სასჯელი გამოხატვის თავისუფლებისთვის არაადეკვატურია.
“ჩემი აზრით, ადამიანებს, რომლებიც დღეს ფიქრობენ, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსეთი არ არის აგრესორი, საზოგადოება მათ თავის ადგილს მიუჩენს. დარწმუნებული ვარ, ამას არც ექნება მასიური ხასიათი და ასეთი პოლიტიკური ხედვების ადამიანების ჯგუფს პოლიტიკური მომავალი არ აქვს. 6- წლიანი სასჯელი კი არაადამიანური და 21-ე საუკუნის საქართველოსთვის შეუფერებელია,”- განაცხადა დღეს, 10 აპრილს გია ვოლსკიმ დღეს მედიასთან საუბარში.
ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული, თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე უნდა დაისაჯოს.
