ახალი ამბები

წულუკიანი ფარული მოსმენების საკითხზე ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს

9 აპრილი, 2014 • • 1001
წულუკიანი ფარული მოსმენების საკითხზე ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს

“პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც იხილება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შესახებ, არის პარლამენტარების ჯგუფის მუშაობის ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ ადამიანის უფლებები გვაქვს ერთ–ერთ პრიორიტეტად არჩევნებიდან მოყოლებული, სწორედ იმას ვებრძოდით წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება იყო ფეხქვეშ გათელილი, ამიტომაც შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

ორი დღის წინ კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს მთავრობას, მხარი დაუჭიროს პარლამენტში ინიცირებულ აღნიშნულ კანონპროექტს.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილებების გატარების მიზნით უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შევლენ.


“იმედი გვაქვს, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო კომისია შეიქმნა ზუსტად ამ პროგრესული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციისთვის. სხვა შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ახალი სამთავრობო ჯგუფის ჩამოყალიბება. თუკი მთავრობა გაემიჯნება საპარლამენტო განხილვებს, რომელიც ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, გაჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები, შეგნებულად ცდილობენ გააჭიანურონ და ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი