ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წელი გავიდა

9 აპრილი, 2014 •
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და მხუთავი გაზით მოიწამლა. 1991 წელს კი 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკოსები, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრები, 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს. ამ დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

 

“25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში  ქართველის ხალხის  თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.  

ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია –  სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, საბჭოთა  იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო,  ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი  სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ  ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ  შესწირეს თავი”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი