ახალი ამბები

სოფელ დაშტაფაში “ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ თავი კვლავ ენმ-ში ეგონათ

2 ოქტომბერი, 2018 • 2849
სოფელ დაშტაფაში “ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ თავი კვლავ ენმ-ში ეგონათ

რადიო მარნეულის ინფორმაციით, სოფელ დაშტაფაში, ევროპული საქართველოს წევრებს  ორი წლის განმავლობაში ეგონათ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. ამის შესახებ დაშტაფას მაცხოვრებლებმა ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი დაუკავშირდა ნაციონალურ მოძრაობასაც და ევროპულ საქართველოსაც.

ენმ-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სოფელ დაშტაფის მაცხოვრებლები მართლაც ევროპლი საქართველოს წევრები იყვნენ, თუმცა ეგონათ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქარველო ერთად იყვნენ.

“მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მიხელ სააკაშვილის განცხადება მოისმინეს, მიხვდნენ, რომ ევროპული საქართველო და მათი კანდიდატი დავით ბაქრაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერილი არ იყო. ამის გამო დატოვეს ევროპული საქართველო და შემოუერთდნენ ნაციონალურ მოძრაობას”, – გვითხრეს ენმ-ში.

რეგინფოს ინფორმაციით, პარტიიდან წევრების წასვლას გამოეხმაურა ევროპული საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ახმედ იმამკულიევი:

“ამაზე კომენტარის გაკეთება სირცხვილია, რადგან ისინი ისე იქცევიან, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები. ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ და ახლა კომენტარს ინდივიდუალურად აკეთებინებენ, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს წევრები ყოველდღიურად ტოვებენ პარტიას. სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპოზიცია ებრძვის ოპოზიციას.”

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის წევრები და ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია და პარტიის არაერთი ლიდერი ენმ-ს 2017 წლის იანვარში გამოეყო. მათ ახალი პოლიტიკური პარტია, ევროპული საქართველო დააფუძნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი