თუმცა კანონპროექტით სახალხო დამცველის ფუნქციები განსხვავდება თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ფუნქციებისგან.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებული იქნება განხორციელოს ზედამხედველობა ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებზე, ასევე, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობაზე და გამოავლინოს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტები.
სახალხო დამცველმა ასეთი ფაქტები უნდა შეისწავლოს განცხადების საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით. თუკი თანასწორობის დაცვის ინსპექტორს ფაქტები მაქსიმუმ ორ თვეში უნდა შეესწავლა, სახალხო დამცველს დარღვევის შესასწავლად ვადა დაწესებული არ აქვს.
სახალხო დამცველს შეუძლია დისკრიმინაციასთან ბრძოლის ან დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ამა თუ იმ პირს ან დაწესებულებას მხოლოდ ზოგადი ხასიათის შეთავაზება გაუგზავნოს, ასევე მოიწვიოს მხარეები და შეეცადოს მათ მორიგებას. თუმცა, თანასწორობის დაცვის ინსპექტორისგან განსხვავებით, სახალხო დამცველს არ შეეძლება დამრღვევი პირების დაჯარიმება, მას მხოლოდ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს.
სახალხო დამცველს დაევალება დისკრიმინაციის შემთხვევების ანალიზი და სტატისტიკის წარმოებაც, თუმცა ომბუდსმენს, თანასწორობის დაცვის ინსპექტორისგან განსხვავებით, ყოველწლიური საჯარო ანგარიშის მომზადება არ ევალება.
კანონპროექტის თანახმად ომბუდსმენმა პარლამენტში წარდგენის მიზნით უნდა მოამზადოს საკუთარი მოსაზრებები აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე სახალხო დამცველს ევალება ამ საკითხებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით მუშაობდა ვარიანტზე, რომლის თანახმადაც იქმნებოდა თანასწორობის დაცვის ინსპექტორის შტატი, თანასწორობის დაცვის ინსპექტორი პარლამენტს უნდა აერჩია, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში ეს ჩანაწერი აღარ არსებობს.





