ახალი ამბები

სააკაშვილი: 2004-ში ოქუაშვილი აბაშიძეს უჭერდა მხარს, ეს არ იყო ბიზნესის ახევა

1 ოქტომბერი, 2018 • 3943
სააკაშვილი: 2004-ში ოქუაშვილი აბაშიძეს უჭერდა მხარს, ეს არ იყო ბიზნესის ახევა

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ოქუაშვილთან დაპირისპირება “ქართული სახელწმიფოს თავდაცვის” ნაწილი იყო, რადგან მაშინ ოქუაშვილი ასლან აბაშიძეს უჭერდა მხარს. “ამას ნუ აურევთ ბიზნესისთვის წილის ახევაში”, -ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

“მინდა იმ ხალხს შევახსენო, ვინც ცუდად იცის ისტორია და ვისაც ივანიშვილმა და რუსებმა გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი. როდის იყო ეს [ენმ-ის] დატაკება ოქუაშვილთან და ომეგასთან? ეს იყო 2004 წლის თებერვალ-მარტში. საქართველოს დაკარგული ჰქონდა აჭარაზე კონტროლი. აჭარას აკონტროლებდა ბოლომდე მოსკოვი ასლან აბაშიძის მეშვეობით და ასლან აბაშიძე რომ დარჩენილიყო ბათუმში, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა”.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მაშინ ოქუაშვილი ასლან აბაშიძეს ედგა გვერდში. “მინდა დავუფასო ერთგულება. უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც ასლან აბაშიძეს ყველა ჩამოსცილდა, ოქუაშვილი ბოლომდე დაუდგა იმიტომ, რომ ჩათვალა, რომ მასთან ჰქონდა რაღაც ვალდებულებები და არ განუდგა”,- განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი2-ის გადაცემა “არჩევანში” საუბრისას.

“მაგრამ, ამავე დროს, ქართული სახელმწიფო იცავდა თავის თავს და ეს იყო ამის ნაწილი. ამას ნუ აურევთ ბიზნესის წილის ახევაში, ფულის ახევაში. მე არც წილი ამიხევია ოქუაშვილისთვის და არც ამიხევია. რა თქმა უნდა, ამ საქმით ისარგებლა ოქუაშვილმა, რომელიც არ გამოირჩეოდა მაინცდამაინც დახვეწილი მეთოდებით და მერე ბოლომდე აურია და თავზე ხელი აიღო, და ქიბარ ხალვაშმა, რომელიც შემდგომ გამოიყენა ივანიშვილმა. ამ კუთხით ბევრად შორს წავიდნენ, ვიდრე დასაშვები იყო და მისაღები”, -დასძინა მან.

“აქ იყო უარყოფითი მომენტები, რომელიც არასოდეს მომავალში არ უნდა განმეორდეს”.

Civil.ge-ს არქივის თანახმად, 2000 წელს დაარსებული ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი და დამფინანსებელი ბიზნესკომპანია ომეგა ჯგუფი იყო. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, “სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის ოფისში “ომეგას” მიერ სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა და მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ 2013 წელს დაიბრუნა, 2015 წელს კი, მაუწყებლობა განაახლა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი