ახალი ამბები

კვირიკაშვილი: “საქართველოს განვითარების ბანკი” კომერციული ბანკების კონკურენტი არ იქნება

8 აპრილი, 2014 •
კვირიკაშვილი: “საქართველოს განვითარების ბანკი” კომერციული ბანკების კონკურენტი არ იქნება

“არის განვითარებისაკენ მიმართულებით ძალინ ბევრი პროექტი, რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი კაპიტალი. ამ პროექტების დაფინანსება არ ძალუძს საბანკო სისტემას. ეს იქნება ძირითადად მსხვილი პროექტები, მაგრამ ამის გარდა აქ იქნება კონსოლიდირებული სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტებში გაბნეული სახსრები” – განაცხადა კვირიკაშვილმა.  


მისი თქმით, “საქართველოს განვითარების ბანკი”, რომლის ჩამოყალიბებაც იგეგმება, კომერციული ბანკების კონკურენტი არ უნდა გახდეს: “ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ “საქართველოს განვითარების ბანკი” არ უნდა გახდეს კომერციული ბანკების კონკურენტი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მანდატი, რომელიც ამ ინსტიტუტს ექნება, იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კომერციული საბანკო ინსტიტუტისგან. რაც შეეხება საკითხს, რატომ გაჩნდა მისი ჩამოყალიბების ინიციატივა, ამ ტიპის ინსტიტუტი არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, არის ბევრი წარმატებული მაგალითი. უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად გაივლოს ხაზი საბაზრო და არასაბაზრო პროდუქტებს შორის, არ გადაიკვეთოს ეს ხაზი არსებულ საბანკო სისტემასთან. ეს არის ჩვენი ამოცანა. არ მგონია, ეს ინსტიტუტი გახდეს რაიმე პრობლემა საბანკო სისტემის განვითარებისთვის”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განვითარების ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილება:”არის ამაზე საუბარი, წინასწარ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი”. 


“საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს ეკუთვნის. აღნიშნული კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი