ახალი ამბები

“კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს” – კობახიძე ოპოზიციას

1 ოქტომბერი, 2018 • 8183
“კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს” – კობახიძე ოპოზიციას

დღეს, 1 ოქტომბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და ოპოზიციის წევრებს, აკაკი ბობოხიძესა და სერგი კაპანაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხებოდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 30 სექტემბერს გავიდა.

“2012 წელს გაგაჩუმეთ და ვერ მიხვდით მაგას. 2012 წლამდე იყო ერთი ღირებულებები და ახლა სხვა ღირებულებებია. თუ იქ[ნაციონალური მოძრაობის დროს] იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ჩვენ ვახერხებთ..  და ოქუაშვილის შემთხვევა არის საუკეთესო მაგალითი, სადაც მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. გაქვთ საკუთარი პარტიული ტელევიზია და იმით ავრცელებთ ვითომ ჩანაწერს და თვითონ არ გეცინებათ? გამოძიების დაწყებას რაზე ითხოვთ ?” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კაპანაძე, ბობოხიძე და რუსთავი 2 “სპექტაკლის დადგმაში” დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილი არ არის.

“თქვენ თვითონ როგორ არ გეცინებათ თქვენივე ტელევიზიის დადგმულ სპექტაკლზე. ეს არის უსუსური რუსთავი 2-ისა და უნიათო “ნაცმოძრაობის” ხელწერა. სალომე ზურაბიშვილს აბრალებენ ღალატს, როდესაც ამ ხალხმა მოაწერა რეზოლუციას ხელი, სადაც წერია, რომ რუსეთი გადმოვიდა კონტრშეტევაზე. ესენი არიან არამხოლოდ უტიფრები, არამედ მოღალატეებიც. კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს”, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

ინტერვიუ, რომელსაც ბიუროს სხდომაზე ახსენეს, გუშინ, 30 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა. “ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი