ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: “ქართული ოცნების” დასაქმების პროგრამა კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა

8 აპრილი, 2014 • • 918
ჭიაბერაშვილი: “ქართული ოცნების” დასაქმების პროგრამა კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა

“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, “შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში” პროგრამის ამოქმედებიის დღიდან მხოლოდ 3,984 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა.

შედარებისათვის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღავნელობით შექმნილ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაში დასაქმების აგენტებმა 2 თვის განმავლობაში – 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში – 593,174 სამუშაოს მაძიებელი აღრიცხეს.

 

საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან დროებით უნდა დასაქმებულიყო 10-12 ათასი რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. საქართველოს მთავრობას არათუ ამდენი ადამიანი არ დაუსაქმებია, არც აღურიცხავს”, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მათთვის მიწოდებული ციფრების თანახმად 2013 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასი ადამიანით შემცირდა.

 

“საქსტატის მონაცემებით, თუ 2012 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში 527 828 ადამიანი იყო დასაქმებული, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეს რიცხვი 519 035 ერთეულამდე დავიდა”, – ნათქვამია ჭიაბერაშვილის განცხადებაში.

 

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დროა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 199-ე დადგენილების მიმდინარეობის შესახებ და ახსნას “საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში გაწეული ხარჯების მიზნობრიობა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი