ახალი ამბები

“არ დავიშლებით, სანამ არ დაგვიბრუნებთ მარიამს” – აქცია განათლების სამინისტროსთან

8 აპრილი, 2014 •
“არ დავიშლებით, სანამ არ დაგვიბრუნებთ მარიამს” – აქცია განათლების სამინისტროსთან

აქციის მონაწილეები, როგორც სკოლის პედაგოგები, ასევე, მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. 

 

“მინისტრო, აღადგინე სამართლიანობა,” “მატყუარა მინისტრი,” დაგვიბრუნეთ დირექტორი,” არ დავიშლებით, სანამ არ დაგვიბრუნებთ მარიამს,”- განათლების სამინისტროსთან ამ წარწერებით პლაკატები მოსწავლეებმა მოიტანეს. 


აქციის მონაწილეების დღევანდელი მოთხოვნა განათლების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან შეხვედრა იყო, თუმცა შეკრებილებთან შესახევედრად სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, კარლო კერვალიშვილი გამოვიდა და უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სამინისტროს წარმომადგენლები მზად არიან შეხვდნენ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 53-ე სკოლის მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან. აქციის მონაწილეები ამ შემოთავაზებაზე უარს აცხადებენ და ითხოვენ სრული შემადგენლობით შეხვედრას. 


აქციაზე 200-მდე მასწავლებელი და მოსწავლე იმყოფება. 


თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თამარ სანიკიძის ბრძანებით გუშინ, 7 აპრილს დაითხოვეს. მიზეზი, სამინისტროს განმარტებით, არის დასკვნა იმ აუდიტის, რომელიც აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა. როგორც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აუდიტის შედეგების მიხედვით, სკოლაში ფინანსური დარღვევები იყო. სამინისტროს ოფიციალურ განცხადების სიმართლეში ეჭვი შეაქვთ სკოლის თითქმის ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს. მასწავლებელთა განმარტებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მოტივაციას – მარიამ რამინაშვილი 53-ე საჯარო სკოლის დირექტორად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაინიშნა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი