ახალი ამბები

საქართველოს 4 სახელმწიფოში ახალი ელჩები ჰყავს

7 აპრილი, 2014 • • 1749
საქართველოს 4 სახელმწიფოში ახალი ელჩები ჰყავს

ხელმოწერილი განკარგულებების მიხედვით, 2014 წლის 1 მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია, 2014 წლის 1 ივნისიდან ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე, ხოლო 2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე.

 

აპრილის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან ნიჟარაძის დანიშვნის შესახებ.  

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ბექაია დიპლომატიურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად და საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ასევე მუშაობდა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტში. იყო ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის ექსპერტი.

 

ზურაბ ბექაიას 1996 წელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

 

თამარ გრძელიძე 2001 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ქ.ჟენევა), მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ინტერკონფესიული ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო დიპლომატიის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელად, თბილისის მე-6 გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, აგრეთვე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.

 

თამარ გრძელიძეს 1982 წელს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1998 წელს- ოქსფორდის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ქრისტიანული ღვთისმეტყველების სპეციალობით.

 

როლანდ ბერიძე 80-იანი წლებიდან ეწევა დიპლომატიურ საქმიანობას. 1990 წლიდან  მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 1992-1997 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი. 1997-2001 წლებში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ეკავა კონსულის თანამდებობა. 

 

2002-2003 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად. როლანდ ბერიძემ 2002 წელს  დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი საჯარო პოლიტიკის მაგისტრის წოდებით. 1996 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი