ახალი ამბები

ომბუდსმენმა ციხეში გარდაცვლილი მსჯავდებულის, ფარტენაძის ოჯახის წევრები მოინახულა

7 აპრილი, 2014 • • 966
ომბუდსმენმა ციხეში გარდაცვლილი მსჯავდებულის, ფარტენაძის ოჯახის წევრები მოინახულა

ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ფარტენაძისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სხვა პატიმრების საქმეების შესწავლა გრძელდება და დასკვნას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

 

გიგა ფარტენაძის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ 26 მარტს გახსნილად გამოაცხადა. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შოთა შანიძის, ლევან მოისწრაფიშვილის და გიორგი სეხნიაშვილის მიმართ.

 

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს – შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.

 

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შოთა შანიძისა და ლევან მოისწრაფიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მერვე ნაწილით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი