ახალი ამბები

ხიდაშელმა PACE-ს საქართველოსთვის სანქციების მოხსნა მოსთხოვა

7 აპრილი, 2014 •
ხიდაშელმა PACE-ს საქართველოსთვის სანქციების მოხსნა მოსთხოვა

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო:

 

„ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში რეალობა უფრო დრამატულად და ნათლად გამოჩნდა. ამ კვირაში მოგვიწევს, კენჭი ვუყაროთ იმ ადამიანებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, ვინც წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების ოკუპაციას აძლევდა ხმას, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას ოკუპაციას, ვინც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი ქვეყნის, უკრაინის ნაწილის ანექსიას. იმედს ვიტოვებ, ასამბლეა არ უღალატებს იმ ფუნდამენტს და ფილოსოფიას, რომელზეც ეს ორგანიზაცია შეიქმნა და კენჭისყრა რუსეთის დელეგაციისთვის ნეგატიურად დასრულდება.“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წარმომადგენელი და მომხსენებელი ნატაშა ვუჩკოვიჩი. მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნის საკითხის განხილვას ბიურო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

 

სანქციები საქართველოს იმის გამო დაუწესდა, რომ რუს დეპუტატს, ვასილი ლიხაჩოვს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა. სანქციის თანახმად, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. თუმცა სანქციის დაწესებისას გადაწყვეტილების შეცვლას PACE–ი არ გამორიცხავდა.

 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სტრასბურგში მიმდინარეობს, სხდომაზე ევროპარლამენტარებმა 9 და 10 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი