როგორც ნეტგაზეთს პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, დღეს, 13:30 საათზე ახალციხეში პარტიის შტაბის სხდომა გაიმართა. პარტიის შენობის წინ მობილიზებული იყო “ქართული ოცნების” 40–50 აქტივისტი, რომლებიც მათ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეეგებნენ. გარდა ამისა, მანქანას, რომელშიც პარტიის ლიდერები, მათ შორის მაჭავარიანი და გიგი უგულავა იმყოფებოდნენ, ბოთლები ესროლეს.
“ჰაკიმ ფაშა არ ისვენებს. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. აი, ასეთი “სამართლიანი” არჩევნების ჩატარებას აპირებენ ესენი”, – უთხრა ნეტგაზეთს დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.
ნეტგაზეთის კითხვას, საიდან იცის, რომ აქციაში “ქართული ოცნების” აქტივისტები მონაწილეობდნენ, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ამას ყველა იქ მყოფი დაადასტურებს, მათ შორის ჟურნალისტებიც. ამასთან, დეპუტატი მიუთითებს, რომ ერთ–ერთი დემონსტრანტი “ქართული ოცნების” ლოგოს აღმნიშვნელი ეკიპირებით, კერძოდ, ქუდით გადაადგილდებოდა.
ზემოხსენებული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ახალციხეში ბაზირებულმა ტელეკომპანია მე–9 არხმაც გაავრცელა:
”აქცია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. აქ არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზიც” შეუერთდა” – განუცხადა “მეცხრე არხს” აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გოდერძი კუბლაშვილმა.
“შორს სისხლიანი ხელები ჩვენგან”, “აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში”, “ნაცებო, მოცოცხეთ” – ახალციხის მე–9 არხის ცნობით, ამ ტრანსპარანტებით აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებთან ერთად ქალაქის ქუჩები შემოიარეს და “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბთან გაჩერდნენ. მათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების ახალციხეში ვიზიტი გააპროტესტეს.


![“ნაცებო, მოცოცხეთ” – ინციდენტი ახალციხეში ნაცმოძრაობის ლიდერების ვიზიტისას [ფოტო] “ნაცებო, მოცოცხეთ” – ინციდენტი ახალციხეში ნაცმოძრაობის ლიდერების ვიზიტისას [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000023632.jpg)



