ახალი ამბები

განათლების სამინისტრო 53-ე სკოლის პედაგოგებზე: ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს

7 აპრილი, 2014 •
განათლების სამინისტრო 53-ე სკოლის პედაგოგებზე: ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის, მარიამ რამინაშვილის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში მრავალრიცხოვანი ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

 

გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და, როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 


 

“სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სამინისტროში შემოსული საჩივრის საფუძველზე შეისწავლა 53 სკოლაში არსებული მდგომარეობა, რა დროსაც, სამწუხაროდ, გამოვლინდა სხვადასხვა კანონსა თუ ნორმატიულ აქტებში მრავალრიცხოვანი დარღვევა. აუდიტის დასკვნა უკვე გადაეგზავნა რესურსცენტრს და, შესაბამისად, სკოლას. მარიამ რამინაშვილს გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული სხავადასხვა დარღვევების შესახებ, მაგრამ ამით მდგომარეობა არამცთუ გამოსწორდა, არამედ გაჩნდა სხვა, უფრო მძიმე დარღვევები. ამ ეტაპზე ინსპექტირებამ გამოავლინა მრავალრიცხოვანი დარღვევები ფინანსური და შესყიდვების კუთხით. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშებს, შესაბამისად, დასკვნის ერთი ასლი აგრეთვე გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის. რაც შეეხება გაფიცვებს და პროტესტს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მხრიდან, მოვუწოდებთ მათ, რომ გაეცნონ აუდიტის დასკვნას და თავისი ქმედებებით ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის შედეგებს არ დაეთანხმებიან, მათ შეუძლიათ დასკვნა გაასაჩივრონ სასამართლოში,”- ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

53-ე საჯარო სკოლის 98 პედაგოგი [103-დან] მიიჩნევს, რომ ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დირექტორის დათხოვნის რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივაციაა. 

 

მარიამ რამინაშვილი სკოლის დირექტორად 53-ე საჯარო სკოლაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა. პედაგოგები ეჭვობენ, რომ მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მარიამ რამინაშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობა” იყო. 

 

“2003 წლიდან 6 დირექტორი გამოვიცვალეთ. სულ ქაოსია ამ სკოლაში. აქვს კი განათლების სამინისტროს უფლება ასე ანერვიულოს ამდენი ადამიანი,”- აცხადებს სკოლის გაფიცული მასწავლებელი ქეთი ნიჟარაძე. 

 

 

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, სადაც გენინსპექციამ, სავარაუდოდ, დარღვევები აღმოაჩინა, პედაგოგებს სხვა მოსაზრება აქვს. 

 

“მოგეხსენებათ, სკოლა თავის რესურსებს თავად მართავს. საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სკოლაში მრავალი სექცია ფუნქციონირებს, მათ შორის, ცეკვის, სპორტის, სამხატვრო და ა.შ. ყველა ისინი იხდიან კომუნალურ გადასახადებს.”


პედაგოგების ინფორმაციით, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი ფინანსური დარღვევა დირექტორის მიერ სკოლაში გახსნილი ერთ-ერთი სექციის 8.41 ლარის ოდენობით დავალიანების წინასწარი გადახდა გახდა. 




მასალების გადაბეჭდვის წესი