ახალი ამბები

მურღულია გრიფირების პროცესის შესაძლო გამოძიებაზე: მზად ვარ თანამშრომლობისთვის

29 სექტემბერი, 2018 • 1670
მურღულია გრიფირების პროცესის შესაძლო გამოძიებაზე: მზად ვარ თანამშრომლობისთვის

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ თუკი განათლების სამინისტროში აუდიტის ოქმი, რომელიც გრიფირების პროცესში შესაძლო დარღვევებსა და გადაცდომებს ეხება, “რაიმე ფორმით ნეგატიურად აფასებს” მის საქმიანობას, ამ ოქმს გაასაჩივრებს.

29 სექტემბერს განათლების სამინისტროში ბრიფინგზე იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესიის სრულყოფილად შესწავლა, რამაც არაერთი ხარისხის ხარვეზი და დარღვევა გამოავლინა.

IPN-ის ცნობით, მაჩიტიძემ თქვა, რომ “ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამინისტროს გადაწყვეტილებით ინსპექტირების დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს”.

იმავე საღამოს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, ფეისბუკზე საჯაროდ დაწერა, რომ დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა რამდენჯერმე დაურეკეს სამინისტროს დილანდელი ბრიფინგის შესახებ და აუცილებლად თვლის საჯარო განმარტებას.

მურღულიას თქმით, სამსახურეობრივი მოკვლევა ჯერ კიდევ მისი სამინისტროში მუშაობის პერიოდში დაიწყო.

“წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, გადადგომის შესახებ განცხადებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ავღნიშნე, რომ მზად ვარ თანამშრომლობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტს თავად მივაწოდე არაერთი მასალა, არც მაშინ და არც შემდეგ, მათ ჩემთვის კითხვებით არ მოუმართავთ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და რიგი სხვა მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, თუკი აუდიტის ოქმი ნამდვილად დასრულებულია, მით უმეტეს დამტკიცებულია ადმინისტრაციული აქტით და რაიმე ფორმით ნეგატიურად აფასებს ჩემს საქმიანობას, ვაპირებ მის გასაჩივრებას, რადგან აღნიშნული კანონი პირდაპირ მოითხოვს იმ პირების ჩართვას, რომელთა “კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით”.

ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი ამბობს, რომ დაინტერესებულ მხარეს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

მურღულია წერს, რომ გრიფირების პროცესის ხარვეზებზე “ნამდვილად აქვს სხვებზე მეტი ინფორმაცია” და მზად არის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის”.

“ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დამდგარი შედეგი, 100%-ით შეესაბამება ექსპერტების დასკვნებს, რომლებიც, სამინისტრომ, განმახორციელებელი ჯგუფისაგან დამოუკიდებლად შეარჩია”, — წერს მურღულია.

მისივე თქმით, აუდიტის დასკვნის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის ფაქტი “ავტომატურად არ გულისხმობს (თუმცა არც გამორიცხავს) შესაბამისი პრობლემების არსებობას”.

“მაქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ უმწიკვლოდ ვემსახურე ჩემს ქვეყანას და განვახორციელე არაერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი პროექტი”, წერს მურღულია.


10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროში რამდენიმე თანამდებობის პირი გაათავისუფლეს. თანამდებობა დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა – თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროცესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი