ახალი ამბები

მოქალაქე ხაშურის მაჟორიტარს ცემაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

7 აპრილი, 2014 •
მოქალაქე ხაშურის მაჟორიტარს ცემაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

როგორც ქართველიშვილმა “პირველი რადიოს” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების დღეზე, როდესაც იგი გელაშვილმა თავის დაცვის წევრებთან ერთად სცემა. ქართველიშვილი იხსენებს, რომ ინციდენტი ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე მე–10 უბანზე მოხდა 20:00 საათზე, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა და ბიულეტინების დათვლა დაიწყო. პროფესიით პროგრამისტის, ქართველიშვილის თქმით, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმ პერიოდში სამოყვარულო ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. შექმნილი ჰქონდა ვებ–გვერდი – I Love Khashuri, სადაც სამოყვარული კამერით გადაღებულ ვიდეომასალებს ტვირთავდა. მისივე მტკიცებით, 20:00 საათზე ზემოხსენებულ უბანზე ხაშურის იმდროინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და კარის შემტვრევა სცადა.

“სწორედ ამ ფაქტის კამერით დაფიქსირებასას მცემეს, მათ შორის უშუალოდ გელაშვილმა”, – აცხადებს ქართველიშვილი და დასძენს, რომ მას თან სამი მეგობარი ახლდა და მათი დახმარებით მოახერხა ტერიტორიის დატოვება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ხაშურის იმ უბანზე, რომელზეც ქართველიშვილი საუბრობს, ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რაც “ინფო 9″–ის გადამღებმა ჯგუფმაც დააფიქსირა. ამ სიუჟეტში ასევე ჩანს, რომ ამის შემდეგ ადგილზე მღვდლები და გელაშვილის მხარდამჭერებიც მიდიან და სამართალდამცველებსა და ნიღბიანებს შენობის დატოვებისაკენ მოუწოდებენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქართველიშვილს ეს ფაქტი არ უხსენებია, თუმცა “ნეტგაზეთის” შეკითხვის შემდეგ მან დაადასტურა, რომ სწორედ იმ ხმაურიან საარჩევნო უბანზეა საუბარი და თქვა, რომ “დარღვევები ხაშურის სხვა უბნებზეც ხდებოდა”.

ქართველიშვილის თქმით, მისი ცემის ფაქტით იმავე დღეს დაინტერესდა შსს. მეტიც, მან 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენებაც მისცა პოლიციას და მის ხელთ არსებული კადრებიც გადასცა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ჩანს. ამასთან, ქართველიშვილმა პრესკონფერენციის დასაწყისში აღნიშნა, რომ მას აქვს კადრები, სადაც ჩანს მისი ცემის ფაქტი, თუმცა ეს ვიდეომასალა ჟურნალისტებს ვერ წარუდგინა და განაცხადა, რომ ეს კადრები თან არ აქვს და შსს–ს გადაუგზავნა. მან ასევე არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა კადრების ასლი. მან ჟურნალისტებს უჩვენა სხვა ვიდეომასალა, სადაც არჩევნების დღეა გადაღებული.

 

ქართველიშვილის თქმით, იგი აპირებს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ახლა უკვე პროკურატურას მიმართოს. ამასთან, აპირებს სასამართლოში უჩივლოს დეპუტატ ვალერი გელაშვილს, რომელმაც მას “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ვანიჩკას ჟურნალისტი” უწოდა.

 

ქართველიშვილის ადვოკატმა მუხრან ბურჭულაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დეპუტატმა ამით ადამიანის პატივი და ღირსება შელახა.

 

“ნეტგაზეთმა” ქართველიშვილის ბრალდებების საპასუხოდ ვალერი გელაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. გელაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი “კვირის პალიტრასთან” საუბარში გააკეთა 6 აპრილს:

 

“პირველ ოქტომბერს მეათე საარჩევნო უბანზე შემოცვივდნენ “კუდის” ნიღბიანი თანამშრომლები და მაგ ფაქტზე წერს ზუსტად, თითქოს იქ ვცემე ქართველიშვილი. მინდა გითხრათ, რომ მთელმა ხაშურმა იცის, ვინაა გიორგი ქართველიშვილი. ეგ იყო “ვანიჩკას” ჟურნალისტი, რომელიც სპეცსამსახურებთან ერთად მოძრაობდა”, – განაცხადა გელაშვილმა და უარყო მისი ცემის ფაქტი.

თავად ქართველიშვილი კი, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის” წევრია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს უარყოფს.

ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ ლიტვაში გელაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ სხვადასხვა ადგილობრივი პორტალის მიერ მომზადებული პუბლიკაციების კრებული გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ 2000–იან წლებში ეს უკანსკნელი ლიტვაში კორუფციულ და კონტრაბანდისტულ საქმიანობაში იყო ჩართული, პასუხისგებაში მიცემულ ადვოკატ კოზუბოვსკის გავლით. გელაშვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში ეს ფაქტიც უარყო:

“როცა ის ჩემი ადვოკატი იყო, მანამდე არავითარი ბრალდება არ ჰქონია, როდესაც მას სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა, მაშინ უკვე სხვა ადვოკატი მყავდა, თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ დარეკოთ ვილნიუსში და ეს ყველაფერი გაარკვიოთ. კოზუბოვსკისთან საერთოდ აღარ მაქვს კონტაქტი. ის ჩემი ადვოკატი აღარაა 2001 წლიდან, ხოლო ბრალდება წაუყენეს 2004 წელს”.

4 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოზიციაში ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ 2006 წელს მისი ცემის ფაქტზე ბრალი შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ერეკლე კოდუას დაუმძიმდება, რის შემდეგაც დეპუტატის წინააღმდეგ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა (ერეკლე კოდუას მეუღლე) დეპუტატის მაკომოპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნება დაიწყო “ფეისბუქის” მეშვეობით. გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც დღეს გელაშვილის წინააღმდეგ პრესკონფერენცია გამართა, ამბობს, რომ ეს თემა ახლა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ წამოუწევია. მისი თქმით, იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო უწყებების რეაქციას ელოდა და ახლა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს გელაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი