53- სკოლის 103 მასწავლებლიდან 98 მასწავლებელია გაფიცული, განაცხადა პრაიმტაიმის პრესკლუბში მარინა ბასილაშვილმა, სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა. მასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა სკოლის ორმა მასწავლებელმა და ერთმა მშობელმა.
მათი თქმით, ისინი დღეს გაიფიცნენ, რადგან განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სკოლის დირექტორი დღეს გაათავისუფლა. პედაგოგების თქმით, 5 მარტს სკოლაში შევიდა სამინისტროს გენისნპექცია, რომელმაც პროცედურული დარღვევებით ჩაატარა სამუშაოები.
მასწავლებლები ამბობენ, რომ მათ არ განემარტათ, რა იყო საფუძველი სკოლაში გენინსპექციის შესვლის. მათ მისწერეს ოფიციალური წერილი სამინისტროს, რომ განემარტათ, რა დარღვევები იკვეთებოდა სკოლაში, თუმცა, მასწავლებლების თქმით, სამინისტროსგან განმარტება არ მიუღიათ.
მარინა ბასილაშვილი ამბობს, რომ სკოლამ მიმართა “უკიდურეს ზომას და ჩაშალეს საგაკვეთილო პროცესი, რაც აქამდე ყველაზე რთულ მომენტებშიც არ გაუკეთებიათ.”
მასწავლებლები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და მიმართავენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მათი პრობლემით დაინტერესდეს.





