ახალი ამბები

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დავაკავეთ

29 სექტემბერი, 2018 • 2382
შსს: ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დავაკავეთ

შსს აცხადებს, რომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის, განცხადებით, ეს 6 ადამიანი თბილისში, ქუთაისსა და წალკაში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

ჭელიძის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა კანონიერმა ქურდებმა – მინდია გორაძემ (ლავას ოღლიმ) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ [“ობშიაკის”] შეკრების ორგანიზება დაავალეს.

“იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან – თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა”, — აცხადებს შსს.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების – მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა”.

ჭელიძის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შედეგად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“.

შსს-ის ცნობით, სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ “უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი