“კარგია ამ ადამიანების აქტიურობა, თუმცა გარკვეულწილად ვიგრძენი, რომ ადგილი აქვს შსს-ს დისკრედიტაციას. განცხადება, რომ ისევ გვისმენენ, არის ტყუილი. ეს ადამიანები წინა წლებშიც აქ ცხოვრობდნენ, მაშინაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა მათი მხრიდან ასეთი აქტიურობა ფარულ მოსმენებთან და მიყურადებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ მახსოვს. როცა მათ ამის რეალური საფუძველი ჰქონდათ, ჩუმად იყვნენ”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

 

კამპანია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” მას შემდეგ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გააჭიანურა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ფარული მოსმენების პრაქტიკის შეცვლას და შესაბამისი მაკონტროლებელი მექანიზმების შემუშავებას.

 

ჭიკაიძის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელებული უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების საფრთხე არსებობს, რადგან მისი განცხადებით, სამინისტროდან დიდი ოდენობით მასალაა გატანილი:

 

“სამინისტროდან დისკის ან რაიმე ჩანაწერის გატანა სავსებით შესაძლებელი და მარტივი იყო. დისკი კი არა, ავტომანქანებს, უშველებელ ჯიპებს ვეძებთ, რომლებიც სამინისტროს ბალანსზე იყო და გაურკვეველია, სად წაიღეს. შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროდან დიდი ოდენობის მასალაა გატანილი და თუ ამას წარმოადგენენ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ხოლო თუ ვინმე შანტაჟისა და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, ეს იქნება უმკაცრესად დასჯილი. მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს. დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები, – აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მართალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *