“ბასიანთან” ათეულობით ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს — დამფუძნებელი

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი, ფეისბუკზე წერს, რომ 29 სექტემბერს გამთენიისას “რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს” კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან, “მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც”.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციისათვის შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ მათ წუხელ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე 3 ადამიანი დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

დაკავებულები არიან 23, 22 და 25 წლის ადამიანები. ორი მათგანი —  ს.ს. და თ.გ. — სამართალდამცველებმა აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ექსტაზი“ და „ამფეტამინი“.

მესა მათგანი — ა.ზ. — დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. შსს-ის ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, “სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება”.

წერეთლის გამზირიც და ცაბაძის ქუჩაც “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაა.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ის ცნობითვე, ბრალდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაჯა ორაშვილი წერს, რომ “ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალირი პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს. მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან”.

როგორც პოლიციაში გვითხრეს, 29 სექტემბრის დაკავებები კავშირში არ არის “ბასიანთან”.

2018 წლის 12 მაისს “ბასიანსა” და კიდევ ერთი კლუბში, “გალერიში”, სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია დაიწყეს. შსს ამბობდა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი აიყვანეს. კლუბებში განხორციელებულმა რეიდებმა მათი მხარდამჭერების პროტესტი გამოიწვია. გაიმართა დემონსტრაციები კლუბების მხარდასაჭერად, რომელსაც ანტი-ლიბერალური ჯგუფები დაუპირისპირდნენ კონტრდემონსტრაციითა და აგრესიით.

“ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი”, დაწერა ორაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com