თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.
თანაინვესტირების ფონდის დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არასდროს არ უკეთებია და მისი ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია სს „ბანკი ქართუ“ არის, რომელიც მან თავის დროზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დააარსა.
ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბება განპირობებულია ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით და არა პირადი კომერციული ინტერესით. ამის დასტურად ფონდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, თვითღირებულებით, ყოველგვარი მოგების გარეშე დაუთმოს მისი კუთვნილი წილი.
ფონდი ასევე განმარტავს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განაგებს მხოლოდ მისი ინვესტორების კერძო თანხებს და მას არ გააჩნია არავითარი კავშირი სახელმწიფო სახსრებთან. ფონდისა და პროექტ „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, რაც თავისთავად აქარწყლებს ბოლო დროს გავრცელებულ “სპეკულაციებს” იმის შესახებ, რომ იგი ცდილობს მის საკუთრებაში არსებული მიწების ე.წ. „გასაღებას“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
“ვადასტურებთ, რომ პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწებს, რომლებიც მისივე სურვილით თვითღირებულებით გადაეცემა ფონდს, ყოველგვარი ზედმეტი სარგებლის მიღების გარეშე”,- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, „პანორამა თბილისის“ მხოლოდ მისი ერთი ნაწილის „სოლოლაკის ბაღების“ შემთხვევაშია წარმოდგენილი არქიტექტურული ხედვა, ხოლო დანარჩენ სამ კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარეობს არქიტექტურული ნამუშევრების შერჩევის პროცესი, რომელებიც ასევე განსახილველად წარედგინება ქალაქის მერიას და საზოგადოებას.
ქალაქ თბილისის მერია დღეს მართავს “პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომას.
ფონდის განცხადებით, პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას.
ფონდის განცხადებით, პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.





