6 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიკითხა მოწმე გიორგი ასლამაზაშვილი, დაკითხვას ესწრებოდა ირაკლი ზაქარეიშვილიც.
ოჯახის ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ გიორგი ასლამაზაშვილი სწორედ ის პირია, ვისთან ერთადაც შალვა თათუხაშვილი თბილისში ღამის კლუბში დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, ისინი თელეთიდან ერთად წამოვიდნენ, შალვა თათუხაშვილი მასთან სახლში პარიკით მივიდა და სთხოვა გაყოლოდა, რადგან საუბარი სურდა, თუმცა საუბარი ვერ მოახერხეს:
“ჩამოვიდნენ თბილისში, ღამის კლუბში ბნელა, ადამინის შემჩნევა ძნელია, მიყურადებაც ძნელია და არც დასცალდათ საუბარი, დააკავეს. შევედით თუ არა, დავსხედით, ორი ლუდი შევუკვეთეთ და პოლიციაც დაგვეცა თავზე, ამ დროს შალვა იყო პარიკითო, არ ვიცი, პოლიციამ როგორ მიაგნო, ალბათ უთვალთალებდნენ”.- ამბობს ზაქარეიშვილი.
მეორედ გიორგი ასლამაზაშვილი და შალვა თათუხაშვილი 19 ან 20 მარტს შეხვდნენ. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის დროს შალვა თათუხაშვილმა მას უთხრა, რომ პროკურატურაში სცემეს და სხეულზე დაზიანებებიც ანახა.
ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გიორგი ასლამაზაშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ შეუძლებელია შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი ყოფილიყო ალკოჰოკური ინტოქსიკაციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როგორ ამტკიცებს პირის ჩვენება სიკვდილის ოფიციალური მიზეზის გაქარწყლებას, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ არგუმენტაციას ხვალ, 7 აპრილს, განცხადების გავრცელებისას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი ასლამაზაშვილი შალვა თათუხაშვილი სახლში იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან ერთად, როცა თათუხაშვილი გარდაიცვალა.
ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა არ აქვეყნებს იმ დოკუმენტურ მასალას, რის გამოქვეყნებასაც ის ითხოვს:
“მე ვამბობ, რომ გამოაქვეყნონ ახლო ხედით ფოტოფიქსაცია იმ დაზიანებების და ამათ რა აქვთ, იცით, გამოქვეყნებული, მე რასაც ვითხოვ, იმას კი არ აქვეყნებენ, იმიტომ, რომ ფოტომასალებითაც დგინდება დაზიანებების ხანდაზმულობა და არ აქვეყნებენ მაგას, მხოლოდ საერთო ხედებს აჩვენებენ. ვის ატყუებენ ესენი? ფოტოფიქსაცია ყოველთვის ხორციელდება აბსოლუტურად ყველა დაზიანებულ უბანზე და ერთვის დასკვნას”- აცხადებს ზაქარეიშვილი.





