დღევანდელი აქცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA – ს და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
“აქციის მიზანი ერთადერთია, რომ რაც შეიძლება მეტ ცხოველს მიეცეს სიცოცხლის შანსი, რომ იპოვოს სახლი და მოსიყვარულე პატრონი. უამრავი ცხოველი სწორედ ამის არარსებობის გამო იღუპება”– ამბობს თამარ ჩხეიძე, GSPSA – ს გამგეობის წევრი.
მისივე თქმით, ცხოველებს ქუჩაშიც პოულობენ, თუმცა ძირითადად ძაღლზე ან კატაზე უარს პატრონი ამბობს და თავად უკავშირდებიან ბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს
” ძალიან ბევრი უგულო ადამიანი ცხოველებს აბარებს თავშესაფარში, მათ ჰგონიათ, რომ ცხოველებისთვის თავშესაფარში კარგია. არასაერიოზულად უდგებიან, იყვანენ ცხოველს, იმიტომ რომ მიაჩნიათ სათამაშოდ, მოწყინდებათ ეს სათამაშო ან დიდი გაიზრდება ან იმ ჯიშის არ აღმოჩნდება და რეკავენ 112–ში აბარებენ, ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა. ის ცხოველი, რომელიც მიჩვეულია სახლში ყოფნას და იქცევა უსახლკაროდ სტრესისგან იღუპება”– ამბობს თამარ ჩხეიძე.
მერიის ცხოველთა თავშესაფარი 120 –150 ცხოველზეა გათვლილი, თამარ ჩხეიძის განცხადებით, უსახლკარო ცხოველების დიდი რაოდენობის გამო იქ 300 ცხოველს უდევს ბინა. ასევე შეზღუდული რესურები აქვს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფარსაც ამიტომ ამგვარი აქციით ცდილობენ ლეკვს ან კნუტს სახლი გაუჩნდეს.
ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს 10 ლეკვი ჰყავდათ მოყვანილი, აქციის დაწყებინან 1 საათში სხვადასხვა მოქალაქემ 3 ლეკვი აიყვანა. მათ შორისაა 7 წლის საბა ხაზარაძე. საბას დედის, ნინო სვანიძის განცხადებით, საბამ მას სახლში მიუყვანა 5 ლეკვი, რომელიც ორმა ბიჭმა ნაგავსაყრელთან დატოვა. ნინო სვანიძე GSPSA–ს დაუკავშირდა და ლეკვები თავშესაფარს გადასცეს, თუმცა დღეს თავადაც გადაწყვიტეს ლეკვის აყვანა.
ცხოველის ასაყვანად განსაკუთრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ არის საჭირო. GSPSA–ს წარმომადგენლები მსურველს ეკითხებიან,იღებს თუ არა სრულად პასუხისმგებლობას ცხოველზე, აძლევენ რჩევებს აცრებთან და იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ლეკვმა უნდა მიიღოს და ინიშნავენ მისამრთსა და ტელეფონს, რათა დროის გასვლის შემდეგ აყვანილი ცხოველის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
აქციის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციის (მიმართვის) გაცნობა აქციის მონაწილეებისათვის. პეტიციაში ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის, ცხოველთა დაცვის ევროპის კოვეციის რატიფიცირების და ცხოველთა დაცვის სფეროში ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღების, დამატების და გამკაცრების მოხოვნაა წარმოდგენილი.
თავშესაფრებიდან ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქცია 2013 წელსაც იმართებოდა.

















