ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ “ასავალ–დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა და რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის 1–ლი, მე–7, და მე–11 პრინციპი დაარღვიეს.
ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. რაც შეეხება მე–7 პრინციპს, იგი ამბობს, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე, ან რაიმე სხვა ნიშნით. კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით “ასავალ–დასავალმა” დაარღვია, ჟურნალისტის უმძიმეს პროფესიულ დანაშაულს განსაზღვრავს, ესენია ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ და პლაგიატი.
ქარტიის საბჭომ ვერ დაადგინა მე–3 პრინციპის დარღვევა. მე–3 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
საბჭოს სხდომას არ ესწრებოდნენ არც “ასავალ–დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური და არც რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პენ-ცენტრმა, ეთიკის ქარტიას განცხადებით “ასავალ–დასავალში” გამოქვეყნებული გიორგი გიგაურისა და ეთერ ჭელიძის სტატიების გამო მიმართა, რომლებიც პენც-ცენტრის აზრით, შეიცავს ღირსების შემლახველ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მწერალ ზურაბ ქარუმიძის მიმართ.
“ამასთანავე, ამ სტატიებში გამოყენებულია სიძულვილის ენა, აშკარად წახალისებულია დისკრიმინაცია და მთლიანად საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება”.– ნათქვამია განცხადებაში.





