შინაგან საქმეთან სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსისი 166–ე მუხლით ედება, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უფრო ადრე, მისმა ერთ–ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა და აქციის ტერიტორიიდან გაიყვანა. შინაგან საქმეთან სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და თავად პირიც დაიკითხა.
დღევანდელი აქცია არაა პირველი აქცია, რომელიც რუსთავის ხაზის მძღოლებმა გამართეს და არც თავის დაწვიც მცდელობა გახლავთ პირველი აღნიშნული აქციის ფარგლებში. 2 დღის წინ “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე მძღოლმა შმაგი მიქელაძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა თვითმკვლელობის უფლება პოლიციამ არ მისცა.
დღევანდელ აქციაზე ადგილზე მივიდა ქვემო ქართლის გუბრნატორი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც მძღოლებს მშვიდ გარემოში საუბარი შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა:
“რა აზრი აქვს, ვიყავით და შეგვპირდა დაგიცავთო, მაგრად დაგვიცვა, ტენდერი ჩაატარებინა”– ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.
მომიტინგე მძღოლები აპროტესტებენ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამ ხაზის განკარგვის უფლება კომპანია “ინტერტრასმა” მოიპოვა ახალი “ყვითელი მიკროავტობუსების” მეშვეობით. რუსთაველი მძღოლების თქმით, რომლებიც, ამავდროულად, ხაზების მფლობელებიც არიან, ეს ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში მონაწილეობას ხაზის ამჟამინდელი მფლობელი მძღოლები ვერ შეძლებდნენ.
აქციაში მონაწილე მძღოლების ადვოკატმა რევაზ ნიჟარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან ვიცე–პრემიერი კახა კალაძე დგას. მისი თქმით, კომპანია “ინტერტრასი”, რომელიც მონოპოლისტი ხდება ამ ბაზარზე, დღეისათვის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რადგან დოკუმენტაციის მიხედვით არავითარი უძრავ–მოძრავი ქონება არ გააჩნია. ეს კომპანია კალაძის მეგობარმა ყოფილმა ფეხბურთელებმა, საქართველოს ნაკრების ექსწევრებმა- გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ფირუზ ხურცილავამ დააარსეს. შემდეგ კი კვალის აბნევის მიზნით სხვა მოქალაქეზე, გვარად ლომოძეზე გადააფორმეს. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, “ინტერტრასს” ტენდერში მონაწილეობისათვის საგარანტიო თანხა 1,5 მილიონი ლარი “პროგრეს ბანკმა” გამოუყო.
თავად კახა კალაძე ბრალდებას გუშინ ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და პროცესს მართული უწოდა.
“სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინე. ამან მიიღო ტენდენციური ხასიათი ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამ ადამიანებს ორჯერ შევხვდი. პირველად რუსთავში, ჟიული შარტავას 70 წლისთავზე. მე მათ გამოვუთქვი დახმარება, გავუკეთე შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან, თუმცა მათი მხრიდან გამოთქმული იყო საყვედურები. მაცნობეს, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეორე შეხვედრა იყო ენერგეტიკის სამინისტროში, რა დროსაც მათ კანცელარიაში დაუნიშნეს შეხვედრა, კერძოდ, გუბერნიიის სამსახურმა. იყო განხილვა. როდესაც ამ ადამიანებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს, უკვე გადმოვიდნენ პირად შეურაცხყოფაზე ჩემ მიმართ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ადამიანურად ვეცადე დავხმარებოდი მათ, თუმცა გუშინ მე მოვისმინე დავით ჯიქიას განცხადება და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს არის მართული პროცესები და ამ სიბინძურეში და დადგმულ შოუში ჩარევას არ ვაპირებ,”- განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მძღოლების თქმით, კომპანიის მიერ სამუშაოს შეთავაზების შემთხვევაში მათ კაბალურ პირობებს შესთავაზებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მძღოლს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში კომპაიაში გადასახადის სახით 210 ლარი ექნება შესატანი. ამ თანხაში იგულისხმება ბანკის გადასახადი, მანქანის ცვეთის გადასახადი. მძღოლები აცხდებენ, რომ თუ ტენდერი არ გაუქმდება, ულუკმაპუროდ 1200–მდე ადამიანი და მათი ოჯახის წევრები დარჩებიან. ისინი ტენდერის შედეგების შედეგების სამი წლით გადადებას ითხოვენ, რათა ამ პერიოდში შეძლონ ბანკის ვალის გადახდა.
“პრობლემები მე თავიდან ბოლომდე ვიცი, ამ პრობლემატიკას ვიცნობ, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შევასრულო შუამავლის როლი, სახელმწიფოსა და ამ ადამიანებს შორის, რათა არავის ინტერესი არ იქნას დარღვეული. ამ რეჟიმზე და უპირობო მოთხოვნებზე მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო ვერ წავა. ეს ის ფორმა არ არის, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ”– განაცხადა ქვემო ქართლის გუბრნატორმა, გიორგი მღებრიშვილმა.
მან ასევე უარყო ბრალდებები კალაძის მისამართით და კახა კალაძის სამარშრუტო ტაქსებთან კავშირის ბრალდებას კომიკური უწოდა. მძღოლები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.








