ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა გამოწვევების წინაშე დგას აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა

7 აპრილი, 2014 • • 1862
რა გამოწვევების წინაშე დგას აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა

დისკუსიის დეტალების თაობაზე ინფორმაციას აფხაზეთის მედია კლუბი “აინარი” ავრცელებს.


დისკუსიაში მონაწილეობას, ჯანდაცვის მინისტრის გარდა, მისი მოადგილე, სოხუმის საბავშვო პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი და რეგიონების სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელისგან ირკვევა, აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა 2500-ია, აფხაზეთის მთლიანი მოსახლეობის 1%-ზე მეტი. 


გამოწვევებზე საუბრის დროს ჯანდაცვის მინისტრი, პირველ რიგში, სპეციალისტების კვალიფიკაციის საკითხს შეეხო. მისი განცხადებით, ყოველწლიურად ათეულობით სპეციალისტი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სახელმწიფოს დაფინანსებით რუსეთის ფედერაციაში მიდის. თუმცა, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბევრ საბაზისო სფეროში მაინც სპეციალისტების ნაკლებობაა.
 

“ჩვენი საბაზისო პოზიცია პედიატრიაა, სადაც კადრების პრობლემებია როგორც სოხუმში, ასევე, სხვა რაიონებში. არ გვყოფნის საბავშვო ქირურგები, თერაპევტები, იფენქციონისტები, ნევროპათოლოგები. ინფექციურ პათოლოგიებში, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არავინ მუშაობს. თუ ზრდასრულების მკურნალობაზე ვისაუბრებთ, არ არის საკმარისი რეანიმატოლოგები, ქირურგები, რომლებიც საჭიროა ხშირად გადაუდებელი შემთხვევები დროს. მთელ რესპუბლიკაში სამი რენტგენოლოგია. მორიგე ექიმებს კი სპეციალისტების უკმარისობის გამო თვეში 14-15 დღე უწევთ მორიგეობა,”- აცხადებს ზურაბ მარშანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი.  

ზურაბ მარშანი, ფოტო: efcate.com
ზურაბ მარშანი, ფოტო: efcate.com


მისივე განმარტებით, 2013 წელს, 20-წლიანი ძალისხმევის შედეგად, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული დახმარების სფეროში გარკვეული წარმატებების მიღწევა შესაძლებელი გახდა.
 

რაც შეეხება წამლებით უზრუნველყოფის საკითხს, მინისტრის განმარტებით, ხშირად მედიკამენტები სტაციონარული დაწესებულებებისთვისაც არ არის ფინანსურად ხელმისაწვდომი.
 

“ამის შესახებ მივმართეთ რუსულ მხარეს და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე, მაგალითად, აივ-ინფექციების, შაქრიანი დიაბეტის [ინსულინი] სამკურნალოდ და დისპანსერულ აღრიცხვაზე მყოფი ფსიქიატრიული პაციენტებისთვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფისთვის შეთანხმებას მივაღწიეთ,”- აცხადებს მარშანი. 
 

ოფიციალური მონაცემებითვე, მიმდინარე წელს აფხაზეთში სრულდება ტუბერკულოზის სამკურნალოდ საჭირო პრეპარტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც აფხაზეთს საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე” ეხმარებოდა. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ აფხაზეთის მთავრობამ ამ წამლებით პაციენტების მომარაგება საკუთარ თავზე უნდა აიღოს. 
 

ასევე, როგორც მინისტრი აცხადებს, აფხაზეთში სამი წელია თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის დიალიზის პროგრამა არსებობს. 
 

“მაგრამ ამ დარგში სპეციალისტების ნაკლებობაა, ამ სფეროში ერთადერთი ექიმი მუშაობს, ყოველდღიურად. ამას წინათ ის ავად გახდა და იძულებული გავხდით სპეციალისტი რუსეთიდან ჩამოგვეყვანა, რისთვისაც მას 10 დღის განმავლობაში 84 ათასი რუბლი გადავუხადეთ.”
 

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მინისტრის თქმით, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები რუსული მხარის დახმარებით ხორციელდება.  
 

მაგალითად, მარშანის თქმით, დასრულების სტადიაშია ონკოლოგიური და ფსიქიატრული დისპანსერების სარემონტო სამუშაოები.
 

“ფსიქიატრიული პაციენტები ახლა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა დავუცადოთ სამუშაოების დასრულებას.”
 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ ანგარიშში შეეხო, ეს პაციენტების მკურნალობის გეოგრაფიული არეალია. მაგალითად, მინისტრის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც მშობიარეებს თავადვე აძლევენ რეკომენდაციას აფხაზეთში არ იმშობიარონ.
 

“2012 წელს აფხაზეთში 2 555 ბავშვი დაიბადა, უფრო ნაკლები 2013-ში – 2090. თუმცა ჩვენი 175 მოქალაქე სოჭში წავიდა სამშობიაროდ. არის მძიმე შემთხვევები, რა დროსაც თავად ვაძლევთ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ შესაძლებელია ჩვენ ვერ გავუმკლავდეთ შემთხვევას და დედისა და ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ის, ვინც რუსეთშია ჩაწერილი, იქ მიდის სამშობიაროდ.” 
 

რაც შეეხება ზოგადად სამედიცინო დახმარებას აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, მინისტრის ცნობით, 2013 წელს ასეულობით ადამიანმა სტაციონარული მკურნალობა რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში გაიარა.
 

ჯანდაცვის მინისტრის ზეპირ ანგარიშში, რომელიც მან აღნიშნული შეხვედრის დროს წარმოადგინა, არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ არის ფაქტები, როდესაც გადაუდებელი შემთხვევების დროს აფხაზეთიდან პაციენტები სამკურნალოდ თბილისში ჩადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი