ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის ლიდერები მოსკოვში: “ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრიობის გამყარებაა”

4 აპრილი, 2014 • • 1957
სამხრეთ ოსეთის ლიდერები მოსკოვში: “ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრიობის გამყარებაა”

“დღევანდელი ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრიობის გამყარება, ეკონომიკის გამყარება და ჩვენივე ძალებით ფულის გამომუშავებაა,” – ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის “ახალი ოსეთი” ლიდერმა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, დავით სანაკოევმა მოსკოვში 3 აპრილს განაცხადა.


ღონისძიების ფარგლებში, სამი პარტიის ლიდერმა იმ 15-დან, ვინც 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, სამხრეთ ოსეთის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს.

 

“საკმაოდ რთულად ვითარდება სიტუაცია იმ საკითხთან მიმართებაში, დარჩეს სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად თუ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს,”- განაცხადა სანაკოევმა. 

დავით საკანაკოევი
დავით საკანაკოევი

“არ არის განსაზღვრული, რა გვინდა ჩვენ თავად – გვინდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ თუ რუსეთის ფედერაციას მივუერთდეთ. ეს ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვპოულობთ გამოსავალს, დღეს ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი – ეს დამოუკიდებელი სახლემწიფოა.


რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გაერთიანება? ყირიმთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რუსეთში ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და უხაროდა მიმდინარე პროცესები, პრაქტიკულად ყირიმის მთელ მოსახლეობას უნდოდა რუსეთის ფედერაციაში შესვლა. მაგრამ როცა ეს საკითხი სამხრეთ ოსეთში გარკვეულ დაძაბულობას იწვევს, ე.ი. ის არ არის ბოლომდე დამუშავებული.”

შეხვედრის დროს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია “ერთიანობის” ლიდერმა ზურაბ კოკოევმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების აუცილებლობაზე. მისივე თქმით, მოსახლეობას გარკვეულ უსიამოვნებებს უქმნის სკანირება საზღვარზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ “რენტგენით დასხივება” მათ ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. 

პარტია “ერთიანი ოსეთის” ლიდერის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ანატოლი ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარი 80-მდე კილომეტრით სამხრეთით უნდა იყოს გადატანილი, იქ, სადაც საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი