ახალი ამბები

რა თქვეს პოლიტიკოსებმა სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე

27 სექტემბერი, 2018 • 1666
რა თქვეს პოლიტიკოსებმა სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გმირთა მოედანზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

“საქართველოს პრეზიდენტი უკვე დღევანდელი კონსტიტუციითაც, მაგრამ ხვალინდელი კონსტიტუციით, კიდევ უფრო არის და იქნება აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობის და ამ ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი დამცველი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო “შენების მოძრაობის” ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმაც.

„პატივს მივაგებთ დაღუპულებს, გმირებს, ჟიული შარტავას და სხვებს, ვინც ამ დღეს გმირობის მაგალითი აჩვენა;  ვინც თავისი სიკვდილით საქართველოს შანსი დაუტოვა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება გამთლიანდება. ამას სჭირდება ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა, ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული თვითრწმენა, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, დეფიციტი გახდა”, -განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით ბაქრაძე კი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

“არ შევეგუებით ოკუპაციას, არ შევეგუებით ჩვენი სამშობლოს ნაწილის წართმევას. აფხაზეთი არის საქართველო. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ამისთვის მთავარია ჩვენმა საზოგადოებამ ხელები არ ჩამოუშვას, იმედი არ დაკარგოს და არ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე და ჩვენ დავიწყეთ ის, რაც ოკუპანტმა მოგვახვია თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად, პოლიტიკურად გავამთლიანებთ საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

“27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც შემდგომში ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა.  დღეს ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, დროებითი ოკუპაცია არის საქართველოს მთავარი ტკივილი.

“მე ყველას ვარწმუნებ, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და ეს იქნება იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენს მტერს ჰგონია”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი