პროკურტაურის ცნობით, “საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს”.
“2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია. საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2013 წლის ბოლოს იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტებზე დახარჯული თანხების საქმე” პროკურატურაში იყო გადაცემული და გამოძიება მიმდინარეობდა:
“ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრი ლობისტები, მათ შორის ბოკერია… 16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. ბოკერიას სამსახური [უშიშროების საბჭო] მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ ამერიკასაც. დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი”, – განაცხადა მაშინ ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოკერიას უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით პროკურატურაშია გადაცემული. ივანიშვილის თქმით, იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ ლობისტებზეა გადაცემული, 300, 400 ათასი ნაღდი ანგარიშსწორებითაა გაცემული, მათ შორის ელჩებზე:
“დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა მან.





