ახალი ამბები

რუსულენოვანებისთვის რუსული პასპორტების მიღება მარტივდება

3 აპრილი, 2014 • • 2107
რუსულენოვანებისთვის რუსული პასპორტების მიღება მარტივდება

საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ვინც რუსულ ენას ფლობს, რუსეთის ფედერაცია რუსულ პასპორტებს სთავაზობს. ამასთან, აუცილებელი პირობაა პირველად მოქალაქეობაზე უარის თქმა.

 

რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი შეეხება იმ პირებს, ვისაც ოდესმე უცხოვრია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მათ, ვისი ახლო ნათესავები ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანაში. რუსული ენის ფლობის დონე კი სპეციალური კომისიის მიერ გასაუბრებით განსაზღვრება.

 

რუსეთის დუმის დეპუტატების განმარტებით, ყველა იმ პირს, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არალეგალურ მიგრანტებად იმყოფება, შესაძლებლობა აქვს რუსეთის პასპორტი მიიღოს და რუსეთის მოქალაქე გახდეს.

 

ბოლო დღეებში ზოგიერთი ქართულენოვანი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის (ყოფილი რუსეთის საელჩოს) შენობასთან მოქალაქეთა რიგები დგას და მათ რუსული ფედერაციის პასპორტებს ურიგებენ. ნეტგაზეთმა დღეს, 3 აპრილს გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა. თუმცა ორი მოქალაქის თქმით, რომელიც რუსეთის ვიზის მიღების რიგში იდგა, მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, რუსულ პასპორტებზე უარს არ იტყვიან.


მასალების გადაბეჭდვის წესი